„გეგმა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს იქნება კრიზისიდან ეტაპობრივი გამოსვლის გეგმა, მაგრამ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში. ცალკეული სუბიექტების მხრიდან მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს არაფერი ხდება და ჩვენი თვითმიზანია დაწესებული შეზღუდვების არსებობა”, – განაცხადა „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ხდება ფინანსური რესურსების მობილიზება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ, იმ ადამიანები ხელშესაწყობად, რომლებმაც დროებით დაკარგეს სამუშაო, თუმცა, რაც მთავარია, გეგმაში წარმოდგენილი იქნება როგორ გამოვიდეს ქვეყანა ნაბიჯ – ნაბიჯ არსებული სიტუაციიდან და ამუშავდეს ეკონომიკა.
გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ხალხი დასაქმებულია და ხელფას იღებენ.
„რასაკვირველია, პრობლემებთან მიმართებაში ოპოზიცია უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ხელისუფლება და კიდევ ბედავენ და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, რომ თითქო ეს შეზღუდვები, როგორღაც, ხელისფლების პოლიტიკურ წისქვილზე ასხმას წყალს. ივნისში დაგეგმილი გვაქვს საარჩევნო კოდექსის და საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ პაკეტში განხილვა. იმედი გვაქვს, რომ ივლისში დავამთავრებთ ამ პროცესს და ოქტომბერში არჩევნებს ჩავატარებთ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.