ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ახალი სამუშაო ჯგუფი 20 მეცნიერისგან შედგება, მათ შორის არიან ლაბორატორიული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცვის, გენეტიკისა და ცხოველთა დაავადებების სპეციალისტები.
ჯანმოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეცნიერთა ახალ გუნდს (სახელწოდებით ახალი პათოგენების წარმოშობის საკითხზე სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფი) იმის გამოკვლევა შეიძლება დაეკისროს, გაჩნდა თუ არა ახალი ვირუსი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად, ასევე უფრო ფართო გამოძიება მომავალი ვირუსული რისკებისა და ადამიანის ქცევასთან კავშირების შესახებ.
24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში წარუდგინეს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ზუსტი წარმოშობის შესახებ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ.
30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.