მცენარის განვითარებისთვის, ერთწლოვანია იგი თუ მრავალწლოვანი, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მორწყვას, რომელიც რატომღაც ყველას ძალიან ადვილი საქმე რომ ჰგონია, რაც მცენარისთვის წყლის მიშვებაში გამოიხატება.
მცენარე ნორმალურად მხოლოდ რიგიანი მორწყვით ვითარდება. საერთო მითითების მიცემა, თუ როდის უნდა მოირწყას, რამდენჯერ და რა რაოდენობით, შეუძლებელია, ვინაიდან ეს დამოკიდებულია მცენარეზე, ამინდსა და ნიადაგზე.
უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
1. წყლის სიჭარბე მავნებელია, რადგან კიდევ უფრო ამჟავებს ნიადაგს. მით უფრო, თუ გურიაში ვცხოვრობთ. ალპობს ფესვებს ჰაერის სიმცირის გამო, იწვევს ობის გაჩენას, ავითარებს მავნე ბაქტერიებს და საბოლოოდ ღუპავს მცენარეს.
2. გამომშრალი მიწაც, რასაკვირველია, ღუპავს მცენარეს. მიწის ნორმალური მდგომარეობაც ისეთია, რომ ის თითებშუა იფშვნება, გუნდებად არ ეწებება, მაგრამ იმავ დროს სინოტივეც აქვს.
3. თუ მორწყვა საჭიროა, მაშინ უნდა მოირწყას საფუძვლიანად, ე. ი. ისე, რომ წყალმა ქოთანში არ გაატანოს. ხშირ, მაგრამ ზერელე მორწყვას სარგებლობა არ მოაქვს, რადგან ასველებს მარტო მიწის ზედაპირს, სიღრმეში კი მშრალი რჩება.
4. ზამთრის ძილის დროს მორწყვა მინიმუმამდე მცირდება, ხოლო ბოლქვიანებს საერთოდ არ უნდა მორწყვა.
5. საუკეთესო მოსარწყავ წყლად წვიმის წყალი ითვლება. თუმცა, გვალვის დროს, წვიმას ვერ დავუცდით. ზამთარში წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
6. მორწყვის საუკეთესო დროდ საღამოს საათებს მიიჩნევენ, თუმცა, დილის სინათლესთან ერთად თუ წამოდგებით და ბაღ-ბოსტანს მორწყავთ, უმჯობესია _ ამ დროს მიწა უკვე გრილია წინა საღამოსთან შედარებით და ფესვებთან თბილი წყალი არ მოხვდება.
7. მორწყვის გარდა, ზაფხულში ფოთლებსაც კარგად უნდა ვაპკუროთ წყალი. ეს არ უნდა მოხდეს მზის გულზე _ ვაპკუროთ გვიან. მორწყვის დროს, თუ წყალი უხვად გაქვთ, ფოთლებიც ჩამოვრეცხოთ.