საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია. „გოლდენ სტეიტ უირიორსმა“ სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129-120 დაამარცხა და თავისი არსებობის ისტორიაში მეხუთედ NBA-ს ჩემპიონი გახდა.
ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო და მისმა მონაგარმა 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. დღესაც, როგორც მთელი სერიის მანძილზე, შეუდარებელი იყო კევინ დურანტი – 39 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.
დურანტს მხარი აუბა სტეფ კარიმ – 36 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი. ლებრონ ჯეიმსის 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი „კლივლენდისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ „კავალიერსმა“ სერია 4-1 დათმო.
ფინალების ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა კევინ დურანტი, რომელსაც ტაირონ ლუმ მთელი სერიის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირა. ზაზა ფაჩულია საქართველოს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.
1tv.ge