ახალი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ზეითუნის ზეთს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამასთან, ის არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. ამ კეთილ საქმეს სწევს ოლეოკანთალი – ნივთიერება, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს.
გამოკვლევის ავტორების, ნიუ-იორკის ჰანტერის კოლეჯის თანამშრომლების, დევიდ ფოსტერისა და ონიკა ლეჯენდრის, და რატგერსის სკოლის დიეტოლოგიის პროფესორის, პოლ ბრესლინის თანახმად, ლაბორატორიული ცდების პირობებში ოლეოკანთალს იერიში მიაქვს კიბოს უჯრედებში შემავალ ბუშტუკებზე, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს”.
ოლეოკანთალი რომ კიბოს უჯრედებს კლავს, ეს ადრეც ცნობილი იყო. მაგრამ გაუგებარი იყო ამ პროცესის მექანიზმი
ჯანმრთელობაზე ზეითუნის ზეთის დადებითი გავლენა აქამდეც ცნობილი იყო. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები ჟანგვის საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს და კარგი საშუალებაა ანთებითი პროცესების, გულის დაავადებებისა და კიბოს წინააღმდეგ.
მეცნიერთა კვლევას ამყარებს დაკვირვება ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონების მოსახლეობაზე. დიდი ხანია, ითვლება, რომ ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულო დადებით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება კიბოს სტატისტიკას, ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში კიბოთი დაავადების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში თუ აშშ-ში.