უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ვრემიას” რედაქტორის პროტესტს ვიდეომიმართვისას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა.
,,მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც სიმართლის გამჟღავნებას არ წყვეტენ. ისინი, ვინც დეზინფორმაციას ებრძვიან და თავის მეგობრებსა და ნათესავებს სიმართლეს უყვებიან. განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, რომელიც “პირველი არხის” ეთერში პლაკატით ხელში შევიდა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ბრძოლის არ გეშინიათ, სანამ თქვენი ქვეყანა ბოლომდე არ ჩაიკეტა და არ დაემსგავსა ჩრდილოეთ კორეას, გამოდით და იბრძოლეთ, არ დაკარგოთ თქვენი შანსი!“ – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” დროს, არხის საერთაშორისო ამბების რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგი ბანერით, „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით ოვსიანიკოვა დაკავებულია
პროტესტის გამოხატვამდე მარინა ოვსიანიკოვამ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც რუსეთის საზოგადოებას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
ასევე მან აღნიშანა, რომ ახლა მთელმა მსოფლიომ რუსეთს ზურგი შეაქცია და რუსების შთამომავლობის კიდევ 10 თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათაშორისი ომის სირცხვილს.
ავტორი: მერაბ ცაავა