პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცედ უპასუხოს სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, ათობით მსხვერპლი და დაშავებული მოჰყვა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, იტყობინება Ukrinform.
„რუსული ბალისტიკური რაკეტის საშინელი დარტყმა სუმიზე. რუსული რაკეტები ურტყამს ჩვეულებრივ ქალაქის ქუჩას, ჩვეულებრივ ცხოვრებას – საცხოვრებელ კორპუსებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი ეკლესიაში მიდის – ბზობის კვირა, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაული. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა და დაიჭრა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და მოუწოდა მსოფლიოს მტკიცე რეაგირება მოახდინოს ამ დანაშაულზე.
“მსოფლიომ მტკიცედ უნდა უპასუხოს. შეერთებულ შტატებს, ევროპას, მსოფლიოში ყველას, ვისაც სურს დასრულდეს ეს ომი და ეს მკვლელობები. რუსეთს სურს ზუსტად ასეთი ტერორი და აჭიანურებს ამ ომს. რუსეთზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია”, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს სუმის ცენტრს. სარაკეტო დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.