6 საათი ჟანგბადის ამოწურვამდე – სავარაუდოდ, მხოლოდ ეს დრო რჩებათ მაშველებს იმისთვის, რომ დაკარგულ წყალქვეშა აპარატში მყოფი 5 ადამიანი ცოცხლები ნახონ.
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის, რომელსაც ტურისტები ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, სამძებრო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოა.
სამძებრო ოპერაციის არეალში, კანადურმა თვითმფრინავმა სიღრმიდან მომავალი ხმაური დააფიქსირა. ოკეანის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურით ხმაურის წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა.
მონაცემები, ანალიზისთვის ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ექსპერტებსაც მიეწოდა. წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.