ცხრა თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე და 1 140 208 ლარის სარგო და დანამატი გაიცა.
ერთ-ერთი სააგენტოს მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე ცხრა თვის განმავლობაში, 2017 წლის 1–ლი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 1 140 208 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა.
ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასამართლოს ბიუჯეტიდან მხოლოდ ერთ თვეში, კერძოდ, ივლისში 129 166 ლარის დანამატი გაიცა. მაშინ, როცა მოსამართლეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 000 ლარია. მათგან ხუთმაგი ოდენობის დანამატი, 14 829 ლარი მოსამართლეებმა: ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა, პაატა სილაგაძემ, პაატა ქათამაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა მიიღეს.
უზენაეს სასამართლოში ყველაზე მაღალი შემოსავალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს აქვს. კერძოდ, ათი თვის განმავლობაში, 1–ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, გვენეტაძის შემოსავალმა 98 833 ლარი შეადგინა. აქედან 35 827 ლარი დანამატია, ხოლო 63 006 ლარი თანამდებობრივი სარგო.
სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს სამმაგი ოდენობის დანამატი, 10 203 ლარი მხოლოდ იანვარში აქვს მიღებული. დანარჩენ თვეებში, გვენეტაძემ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატის სახით 3 203 ლარი მიიღო.