სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 17 არასამთავრობო ორგანიზაციაზე 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტს გასცემს.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა და საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა.
გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1,657,775 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, აღნიშნული სააგენტო “ქართულმა ოცნებამ” NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის თებერვალში შექმნა.
უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:
“სამოქალაქო ინიციატივები შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს:
- შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
- სპორტის განვითარება
- განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
- რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა
- შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა
- დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა”.
გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულთა სია ასეთია: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დემოკრატიის განვითარების სააგენტო, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი, მშვიდობის კვლევის ცენტრი, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა, საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, საჭადრაკო კლუბი მერანი, ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, ენაგრამა, თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი, საზოგადოებრივი დამცველი, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი, საქართველოს
უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი, ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი +, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი “ჰერა”, ახალი ქართული ჰაბი.
ვრცლად გამარჰვებულ პროექტებს შეგიძლიათ აღნიშნულ ლინკზე გაეცნოთ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები III მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილების თანახმად, მარტიდან შეიქმნა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.
სააგენტოს მიზანი საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაა, “რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება აქვს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.
განკარგულების თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში 10 585 ლარია, მოადგილის – 8 760ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 300 ლარი.
სააგენტოს ჩამოყალიბების პარალელურად, მაშინ პარლამენტმა ცვლილება შეიტანა “გრანტების შესახებ” კანონში, რომლითაც უცხოური დონორებისგან გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა სჭირდება. გაზაფხულიდან ქვეყანაში აკრძალული გრანტის მიღება გრანტის მიმღების დაჯარიმებას იწვევს, აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით































































