კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ 1-ელი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას ავალდებულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები გამოასწორა და ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი გამართულად მუშაობს. ამასთან, კომპანია მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს შეუმცირებს.
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე – 2 200 340.
„კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.