საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანმა, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.