„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში.
“ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო თავისუფალ მედიას და სამოქალაქო სექტორს ემუქრება გაქრობით, კონტროლს აწესებს სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლებაზეც.
„ცხვირ-პირს გვილეწავდნენ და არავინ დაუპატიმრებიათ, არავის პასუხი არ უგია. სიძულვილის ენის ტირაჟირება ამათი ხელისუფლების დროს მოხდა, ქარხანა-ფაბრიკები აქვთ ტროლების და ბოტების და მე ერთი, ელემენტარული საყვედური არ შემიძლია დავწერო?
ნუ შემოვა და ნუ წაიკითხავს.
ვერ იზამენ მაგას. ხალხს იმხელა შინაგანი თავისუფლება აქვს უკვე, რაჟდენ კუპრაშვილი კი არა, ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან.
ძალიან კარგია, განახორციელონ ტერორი, დაიწყონ ეგ „ფარაც“, კიდევ მიიღონ საშინელი კანონები და მათ მოუბრუნდებათ უკან. როგორც პირველი რუსული კანონი ვერ განახორციელეს და არაფერი აქვთ ხელში, ასევე ჩაეფუშებათ ეს „ფარაც“.
მზია ამაღლობელი რატომ ჰყავთ გამოკეტილი? „ბათუმელები“ რომ მიხვიდეთ და შეევედროთ – „ბატონო პრემიერო გვიშველე“, „გვერდში დაგვიდექით…“ არავინ არ მივიდა „ბათუმელებიდან“, ხომ?!
იბარებენ ადამიანებს წულუკიანის კომისიებზე და ვერც აქედან მიიღეს ვერაფერი, ეჭიდებიან ხავსს, მაგრამ ვერც ამერიკისგან მიიღეს ვერაფერი. რუბიომ თქვა, რომ ანტიამერიკული ძალაა „ოცნებაო“.
ამის შემდეგ უკვე დაეწყებათ დეპრესია და ასე დამთავრდებიან“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
მისი თქმით, ვერც ძველი და ვერც ახალი რუსული კანონებით „ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებს.
„ქვეყანას ვინც დატოვებს, ამას ძალიან მალე ვნახავთ, რადგან ჩვენ არავინ ვაპირებთ საქართველოს დატოვებას.
აქ არის ჩემი მშობლების, ჩემი წინაპრების საფლავები და ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას ვიღაც ერთი კაცის, ერთი ბიძინას გულისთვის“ -ამბობს ლადო აფხაზავა.
წყარო: ბათუმელები
































































