გუშინ 10 წლის ბავშვის მოტაცება სცადეს. შემთხვევა მარნეულში, სოფელ წერეთელში მოხდა.
“მთავარ არხს” ამ საკითხზე ბავშვის ოჯახის წევრები ესაუბრნენ.
ამბობენ, რომ სკოლაში წასული ბავშვი შესვენების დროს მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც უცხო მანქანა მიუახლოვდა და მას ტკბილეული შესთავაზა. ბავშვს კი შეეშინდა და გაიქცა. მშობლები ამბობენ, რომ პოლიციას მიმართეს, თუმცა სამართალდამცველები საკითხს გულგრილად ეკიდებიან.
“სამშაბათს სოფელ წერეთელში ჩემი დისშვილის გატაცების მცდელობა იყო. ჩემმა დამ დღეს მითხრა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენც ახლა მოვედით პოლიციაში, რომ ამ საქმეს მიეხედოს. პოლიცია კი გვეუბნება, რომ კერძო ობიექტების კამერების შემოწმების უფლება არ აქვთ. როგორ არ აქვთ უფლება, აქ ბავშვის მოტაცებას ცდილობდნენ. 10 წლის ბავშვი რომ მოეტაცებინათ, რა იქნებოდა? უპასუხისმგებლოდ რატომ იქცევა?
ფაქტი ასე მომხდარა – ჩემი დისშვილი მარკეტში მივიდა რაღაცის საყიდლად, ამ დროს ერთი უცნობი პირი “ფორდის” მარკის ავტომობილით მიუახლოვდა და უთქვამს, დედაშენმა ტკბილეული გამოგიგზავნა, მოდი აიღეო. თან ქართულად ლაპარაკობდა ეს პირი. მაგრამ ბავშვს შეეშინდა და გაიქცა. ასეთი ამბავი პირველად არ ხდება. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს უკვე მესამე ფაქტია და თქვენ პირველები არ ხართო. გვინდა, რომ პოლიციამ გამოიძიოს ეს საქმე და არ მოიქცეს გულგრილად, – ამბობს ჰემზე რუსტამოვი.
წყარო: მთავარიტვ