100 დოზა ვაქცინა, შესაძლოა, გამოიყოს ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„კარგად სჭირდება ამას დაგეგმვა თუ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით. შესაძლოა, ეს იყოს ცნობილი ჟურნალისტი, ნებისმიერი ასაკის ჯგუფის. შეიკრიბეთ და გვირჩიეთ, ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, – მიმართა მედიას თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, გაბუნიას განმარტებით, თუკი უკვე არსებულ ჯგუფებში აქტივობა მაღალი არ იქნება, შემდეგი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები იქნებიან.
“არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზეც მთელი მსოფლიო იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, პირველივე ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის 30%-ს სურს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, – განმარტა გაბუნიამ.