შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ ზაურ თელიამ.
ზაურ თელია: “ამ დღეს გულის ფანცქალით ელოდა მთელი მსოფლიო. 1945 წლის 9 მაისი იყო სიხარულის, ცრემლის, ტკივილის დღე. დღეს აღვნიშნავთ ამ გამარჯვების დღეს, რათა აქ მყოფმა ახალგაზრდებმა გაიგონ, რისთვის იბრძოდნენ მათი მამები, ბებიები და ბაბუები. 8000-ზე მეტი აბაშელი იბრძოდა ამ ომში, ნახევარზე მეტი ვერ დაბრუნდა სამშობლოში, 700-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. 2500 აბაშელი მებრძოლის საფლავი უცხო მიწაზე მოძიებულია და ვიცით სად განისვენებენ ჩვენი თანამემამულეები. დღეს შინმოუსვლელი ჯარისკაცების საფლავი ეკურთხა და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახსოვთ ვეტერანები და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს გვერდით უდგანან”.
შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდა აბაშის კულტურის სახლი (დირექტორი რევაზ მიქაძე), ფოლკლორული ანსამბლი “ჯარგვალი” (ხელმძღ. მოველი მაკალათია) და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები (დირექტორი-ჯილდა ცომაია).
შეხვედრის დასასრულს აბაშის ვეტერანთა საბჭოს წევრმა მერაბ ჭანტურიამ იქ მყოფ საზოგადოებას აუწყა საბჭოს მიერ შედგენილი ალბომის შესახებ, რომელიც მთლიანად ეძღვნება 1941-1945 წლებში აბაშიდან წასულ მებრძოლებს და მოუწოდა ყველას, სხვა ფოტოების და მასალის მოძიებისკენ, რათა არავინ დარჩეს პატივმიუგებელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანები და სამოქალაქო ომის მონაწილენი, რომლებმაც ყველას მიულოცეს გამარჯვების დღე და საქართველოს მშვიდობა უსურვეს.