მიღებული აუდიტის ანგარიშებიდან უარყოფითი მოსაზრებებით და ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანებებით განსაკუთრებით გამორჩეულია სამინისტროს ბალანსზე რიცხული მარაგის გამოყენების, აღრიცხვის და მართვის შეფასების ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია 2008 წელს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის ადგილობრივი სახსრებით თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებების განკარგვასთან. სამინისტროს ფაქტობრივ განკარგვაში არსებულ საწყობებში ჩატარებული სრული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა შემდეგი: 2012 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გამოვლენილია 289 134,17 ლარის ღირებულების 8 777 ერთეული სხვადასხვა დასახელების მარაგის ნაკლებობა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოაშკარავებულია აგრეთვე 131 577,16 ლარის ღირებულების 23 483 ერთეული სხვადასხვა დასახელების და ჰუმანიტარულად მიღებული 3 914 ერთეული (ფასი დაუდგენელია) საქონლის ზედმეტობა. საწყობებში აღრიცხული 890 432,69 ლარის ღირებულების მარაგიდან 150 454,45 ლარის ქონება საწყობშივე აღმოჩნდა დაზიანებული და გამოყენებისათვის გამოუსადეგარი, რაც მეტყველებს მარაგის განკარგვაზე დაუდევარ მიდგომას. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს 2008 წლიდან დღემდე არ აქვს გადახდილი კერძო საკუთრებაში არსებული საწყობების ქირა, შესაბამისად გაურკვეველია კერძო მეპატრონეების მიერ სამინისტროსთვის საკუთარი ფართის უსასყიდლოდ გადმოცემის მოტივი. 2008-2009 წლებში საბიუჯეტო სახსრებით შესყიდულმა საყოფაცხოვრებო საქონელის ხარჯმა შეადგინა 15 370 680 ლარი. ამასთანავე სამინისტროს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან გადაეცა 2 975 250 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო საქონელი. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვები ხორციელდებოდა 36 საწარმოსთან ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.
დახმარების გაცემის პროცესში სამინისტროს მონაცემებით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა შეადგენდა 7 000 ოჯახს. 2009 წლის 28 დეკემბრისათვის არსებული დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით სამინისტროში რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 15 167 პირს – შესაბამისად 5870 ოჯახს, ხოლო სამოქალაქო რეესტრის 2010 წლის მარტის თვის აღწერით დადგინდა 18 581 ადამიანი 5856 ოჯახი. ანუ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა არ აღემატებოდა 18 600 ადამიანს – 5900 ოჯახს. სამინისტრომ შეისყიდა ოჯახების რაოდენობაზე 1100 ცალით მეტი 220 000 ლარის ღირებულების ტელევიზორი და იმავე რაოდენობით მეტი 295 900 ლარის ღირებულების მაცივარი. ორივე საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტები დათარიღებულია 2008 წლის 24 დეკემბრით, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყო უფრო დაბალი ცდომილებით განსაზღვრულიყო შესასყიდი საქონლის რაოდენობა. აუდიტის დასკვნის მიხედვით აღნიშნული შესყიდვა შეიძლება ჩაითვალოს დაუგეგმავ და არაეფექტურ ხარჯვად. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწყობში ინახება 233 ცალი 46 600 ლარის ღირებულების ტელევიზორი, რომელთა ვიზუალური დათვალიერებით 210 ტელევიზორზე დაფიქსირდა გარეგანი დაზიანებები ხოლო 23 გაუხსნელია. ანალოგიური მდგომარეობაა მაცივრების შემთხვევაშიც. აღნიშნულ საქონლებთან მიმართებაში ზარალი შეადგენს 63 707,2 ლარს. გადაცემული ტელევიზორებისა და მაცივრების მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლით დადგინდა, რომ გაცემულია 6561 ტელევიზორი და იმავე ოდენობის მაცივარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საწყობში ამჯერად ინახება 233 ტელევიზორი და 64 მაცივარი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 41 000 ლარის ღირებულების 206 ცალი ტელევიზორი და 100 875 ლარის ღირებულების 378 ცალი მაცივარი წარმოადგენს დანაკლისს და გაურკვეველია თუ ვისზე იქნა გადაცემული აღნიშნული საქონელი. 2009 წლის 28 დეკემბრისათვის სამინისტროსა და სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდს შესყიდული აქვთ ერთი და ორადგილიანი საწოლების ის რაოდენობა (საერთო ღირებულებით 4 895 500 ლარი), რომელიც დააკმაყოფილებდა დაახლოებით 45 600 ადმიანს, რაც სამჯერ აღემატება ბაზაში დაფიქსირებულ უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობას. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ 2 607 500 ლარზე ადგილი ჰქონდა უსაქონლო ოპერაციას.
2008 წლის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ასევე შესყიდული იყო 1800 ცალი 5 ლიტრი ტევადობის თხევადი გაზის ბალონი და 3 509 ცალი შეშის ღუმელი. მათგან 1 172 ცალი გაზის ბალონი (38 680 ლარის ღირებულების) და 2 143 ცალი შეშის ღუმელი (298 950 ლარი ღირებულების) დღემდე ინახება საწყობებში. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს დაუგეგმავ და არაეფექტურ ხარჯვად, რადგანაც 2008 წელს დაზარალებული მოსახლეობისთვის შესყიდული საქონელი დღესაც გაუცემელია. საწყობებში აღიწერა ასევე სამინისტროს მიერ 2008 წლის ბოლოს შეძენილი 14 600 ლარის ღირებულების 9,7 ტონა მაკარონი, 6 600 ლარის ღირებულების 5,5 ტონა იოდიზირებული მარილი, 2 500 ლარის ღირებულების 1,68 ტონა წიწიბურა. კომისიამ ვერ დაადგინა პროდუქტებზე მითითებული თარიღი გამოშვების თარიღია თუ ვარგისიანობის ვადა, თუმცა ყოველ მათგანზე ასახული თარიღი არ ცდება 2008 წელს. რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქტი მოხმარებისთვის არის უვარგისი. ინვენტარიზაცია განხორციელდა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ჰუმანიტარული საქონლის საწყობში, სადაც განთავსებულია სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საველე სამზარეულო და სხვ. საბუღალტრო მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით ადგილი აქვს არსებით გადახრებს. მაგალითად საბუღალტრო მონაცემებში აღრიცხულია 38 ცალი 24 417, 28 ლარის საერთო ღირებულების კარავი, რომელიც საწყობში არ მოიძია. ასევე 17 საველე სამზარეულო კომპლექტიდან ადგილზე აღმოჩნდა 5 ცალი (თითოეულის ფასი შეადგენს 2 517,75 ლარს). შედეგად 12 სამზარეულო კომპლექტი და 38 ცალი კარავი (საერთო ღირებულებით 54 628,12 ლარი) აღიარებულია დანაკლისად.
_ ჩვენს მიერ ზემოთ გამოტანილი იქნა ის ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია 2008 წელს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის ადგილობრივი სახსრებით თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებების არამიზნობრივად ხარჯვასთან და მიღებული მარაგების დაუდევრად მოპყრობასთან. დამატებით გვინდა ჩვენი მხრიდან აღვნიშნოთ, რომ აუდიტის მიხედვით გამოვლენილი ფაქტებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დევნილებისთვის გამოყოფილი დახმარების შესყიდული საქონლის დაუდევრად განკარგვას. ყოვლად აღმაშფოთებელია სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მხრიდან საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი საქონლისა თუ საკვების საწყობებში გაფუჭება, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც საქართველოში უამრავი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი ცხოვრობს, _ აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.