აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან (გამოხატვის თავისუფლება) და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით (განსაზღვრულობის პრინციპი).
სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის სიტყვები “ან უცხოეთის ორგანიზაციის“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა და და პირს არა აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა ქმედებას უკრძალავს მას კანონი. მისი აზრით, სადავო ნორმა სისხლის სამართლებრივად დასჯადად აცხადებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის, ღია და საჯარო ინფორმაციის, ანალიტიკური კვლევის, მოსაზრების ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციისთვის გადაცემას, რაც შესაძლებელია საქართველოს ინტერესისთვის ზიანის მომტანი იყოს. ამავდროულად, სადავო ნორმა არ განმარტავს ტერმინ “საქართველოს ინტერესის საზიანოდ“ შინაარსს. შესაბამისად, შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის პასუხისმგებლობა ვერ დადგება გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისათვის, პირს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ შემთხვეში, თუ იგი გაცნობიერებულად მოქმედებს უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, აგროვებს ან/და გადასცემს ინფორმაციას და, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ეს ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოა. პირს ასევე უნდა ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი ქმედების მიმართ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას რომელიმე ხსენებული კომპონენტი აკლია, სადავო ნორმის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა დასჯადად აცხადებს როგორც უცხო ქვეყნის დაზვერვის, ასევე, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რაც საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის მოქმედება, როგორც წესი, სახელმწიფოს უშიშროებისთვის საფრთხის შემცველია. მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის, მათ შორის, ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. შესაბამისად, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, თავისთავად, საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა სახელმწიფო უშიშროების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო ნორმა ან ნაწილში არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსხვავებული სიტუაციაა უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში. პირველ რიგში, დადგინდა, რომ სადავო ნორმაში მოხსენიებულ ტერმინ ,,უცხოეთის ორგანიზაციაში“ არ მოიაზრება დაზვერვასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ვინაიდან მათი დავალებით მოქმედება ფაქტობრივად დაზვერვისთვის მუშაობას გულისხმობს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია უცხოეთის იმ ორგანიზაციის დავალებით მოქმედებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული დაზვერვასთან, სადავო ნორმა ქმნის “მსუსხავი ეფექტს” გამოხატვის თავისუფლებაზე, ვინაიდან პირმა, იმის შიშით, რომ მისი მოქმედება არ ჩაითვალოს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, შესაძლებელია უარი თქვას უცხოური ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრთან თანამშრომლობაზე, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა აკრძალული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს სურდა და რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნაა, რომ კანონმდებლობა იყოს არაორაზროვანი, განჭვრეტადი და პირმა იცოდეს თუ რა ქმედებისთვის ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში, სადავო ნორმის შინაარსი არ არის ცალსახად და ნათლად განსაზღვრული. სამართალშემფარდებელმა და გამოხატვის სფეროში მოქმედმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ, რომელი ორგანიზაციის დავალებით ჯაშუშობა არის საქართველოს ინტერესების საზიანო. აღნიშნული დანაწესი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და არ პასუხობს კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.