უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, შეხვედრა საინტერესო გამოდგა და მოსახლეობა მალე გაიგებს იმას, თუ რაში და როგორ დაიხარჯა 2012 წლის ბიუჯეტი.
“პირველივე თხოვნის შემდეგ მთავრობის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები ასე მოდიან პარლამენტში, ხვდებიან უმცირესობას და უმრავლესობას. ეს შეხვედრები პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ხედავთ, რომ აქ არც მომზადებული კითხვებია და არც ჩაწყობილი თემები. წლების განმავლობაში, ვისაც ჰქონდა საშუალება, თვალყური ედევნებინა საპარლამენტო ცხოვრებისთვის, მიხვდება, რომ ასეთი რამ არ ხდებოდა. ძალოვანი უწყებები იქნება ეს, ეკონომიკური ბლოკი თუ ასე შემდეგ, დღეს ასე პირდაპირ, ღია ეთერში ესაუბრება საზოგადოებას. კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა, თუმცა, ეს კითხვები ეხებოდა საკითხების დაზუსტებას. უმრავლესობას გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება და როგორ მიდის ბიუჯეტთან დაკავშირებული ამბები, როგორი იყო შარშანდელი წლის საბიუჯეტო შედეგები. განსაკუთრებით რეგიონების პრობლემებზე ვსაუბრობდით. აქ იყვნენ მაჟორიტარები _ მათთვის ძალიან დიდი გულისტკივილი და წუხილია ის რაიონი, რომელსაც წარმოადგენენ. საკითხი ეხებოდა იმას, რომ, სამწუხაროდ, შარშან ძალიან ბევრ ორგანიზაციას წინსწრებით აქვს თანხები გადარიცხული. შარშან არჩევნების წელი იყო და წინა ხელისუფლება მაქსიმალურად თხოვდა ყველას თანხებს. შესაბამისად, არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ წელს ვეღარ გადაიხდიან თანხებს, რადგან შარშან უკვე გადაიხადეს. როგორ ძალადობით ახდევინებდნენ ამ თანხებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
ცოტა ხანში, პარლამენტში გვექნება შარშანდელი ბიუჯეტის დეტალური განხილვა და ის ანალიზი, რომელიც, ალბათ, მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში დაიდება, საინტერესო აღმოჩნდება მოსახლეობისთვის _ როგორ ხდებოდა შარშან ბიუჯეტის გახარჯვა და რა ხარვეზები იყო,” _ განაცხადა საგანელიძემ ხადურთან შეხვედრის შემდეგ
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ორი შეხვედრა გამართა, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრებთან. საუბარი, ძირითადად, 2012 წლის ბიუჯეტს შეეხებოდა.