უჩა ნანუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი, და აქცია რომელიც უკვე გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, აღკვეთოს.
“ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მე-13 მუხლის თანახმად, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასიური დარღვევა, მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მიერაც ხდებოდა ძალადობისკენ მოწოდება.”
სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ლგბტ და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქციის მშვიდობიანი ჩატარება.
“მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იგივე ადგილას ორი პარალელური აქცია უნდა გამართულიყო, ასევე იცოდა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება.”
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გავრცელებული კადრებიდან აშკარად იკვეთება კონკრეტული მოძალადეების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს.
“კადრებიდან აშკარად ჩანს, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა მიმართ ანგარიშსწორება იყო. ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლითაც აქციის მონაწილეები გაჰყავდათ. შესაბამისად, აშკარაა რომ პარალელური აქციის მონაწილეები გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან. უფრო მეტიც _ ისინი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ სახალხო დამცველის მიმართაც,” _ აღნიშნულია ნანუაშვილის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.