სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების ზუსტ ნუსხას IDFI აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში გახორციელებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე სულ გაწია შემდეგი სახის ხარჯები:
_ 486 582 ლარი;
_ 5 987,72 აშშ დოლარი;
_ 41 029 ევრო;
_ 47 500 რუსული რუბლი;
_ 9 750 შვეიცარული ფრანკი.
საინტერესოა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა. კერძოდ, ირკვევა, რომ:
_ 99 550 ლარი გადაერიცხა ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირს ცენტრის საქმიანობისთვის;
_ 61 714 ლარი მოხმარდა ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობას;
_ 50 750 ლარით სამინისტრომ დაფარა პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემის ხარჯები.
_ სოჭში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ გამგზავრება 18 000 ლარი დაჯდა. ჯემალ აჯიაშვილის წიგნის თარგმნა _ 11 400 ლარი. ასევე სხვადასხვა ენებზე ითარგმნა დათო ტურაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები.
საკმაოდ ძვირი დაჯდა სოჭში ლიზი რამიშვილის კონცერტის გამართვა _ სამინისტრომ ღონისძიებაში 47 500 რუსული რუბლი და 10 320 ევრო გადაიხადა.