კომისიის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების პროგრამა.” კომისიამ აუდიტის ჩასატარებლად შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მოწვეული სპეციალისტებით.
სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა 2013 წლის 11 იანვარს. შემოწმება დამთავრდა 2013 წლის 20 მაისს.
სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლილ იქნა აუდიტის სამსახურის კუთვნილ ავტომობილებზე 2012 წელს საავტომობილო საწვავის ხარჯვის მდგომარეობა. თანამდებობისა და ავტომობილის მარკის მიხედვით საწვავის ხარჯვაზე დაწესებული იყო ყოველთვიური ლიმიტი.
ავტომანქანები ემსახურებოდნენ: გენერალურ აუდიტორს, მის მოადგილეებს, აჭარისა და აფხაზეთის აუდიტის სამსახურების უფროსებსა და სხვა დეპარტამენტების უფროსებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა 33 ავტომანქანა, მათ შორის მუშა მდგომარეობაში – 23. გენერალურ აუდიტორს აპრილამდე ემსახურებოდა 1 ავტომანქანა, აპრილის შემდეგ კი – 2. იანვარ-მარტში ერთი ავტომანქანის საწვავის ლიმიტი ყოველთვიურად შეადგენდა 800 ლიტრს, ანუ სულ 2400 ლიტრს; აპრილ-ოქტომბერში 2 ავტომანქანის საწვავის ლიმიტი ყოველთვიურად შეადგენდა 800 და 500 ლიტრს, ანუ სულ 5600 და 3500 ლიტრს; ნოემბერში – 1100 და 600 ლიტრს, დეკემბერში კი 800 და 600 ლიტრს.
მოადგილეების (აპრილამდე 3 და შემდეგ თვეებში 4 მოადგილე) საწვავის ლიმიტი თითოეულის, ცალ-ცალკე შეადგენდა თვეში 600 ლიტრს. სულ, მოადგილეებს დახარჯული აქვთ – 27000 ლიტრი საწვავი. მორიგე მანქანებისათვის დახარჯულია 35610 ლიტრი საწვავი.
2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სულ დახარჯული აქვს 277382 ლარის 136010 ლიტრი საწვავი.კომისიის წევრების დასკვნით, საქმე გვაქვს საწვავის ლიმიტებისა და მომსახურე მანქანების არამართლზომიერად და ტენდენციურად განაწილების საკითხთან. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს ნოემბერ-დეკემბერში ემსახურებოდა მანქანა “ჰიუნდაი ელანტრა 1,8” – საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრი, ხოლო ამავე დეპარტამენტის უფროსს აღნიშნულ თვეებში მანქანისათვის გამოყოფილი ჰქონდა 400 ლიტრი საწვავის ლიმიტი. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს ივნისში ემსახურებოდა 2 ავტომანქანა, საწვავის ლიმიტი 300-300 ლიტრი; ივლისშიც 2 ავტომანქანა საწვავის ლიმიტი 500-500 ლიტრი; აგვისტო-ოქტომბერში 1 ავტომანქანა, საწვავის ლიმიტი 500 ლიტრი; მაშინ როცა, სხვა დეპარტამენტების საწვავის ლიმიტი თვეში 300 ლიტრი იყო.
გაუგებარია მორიგე მანქანების ფუნქცია, ვის ემსახურება, რა დატვირთვა და ფუნქციები აქვთ მათ, როცა მორიგე მანქანებისათვის დახარჯულია 35 610 ლიტრი საწვავი.