დღეს ის ევროსაბჭოში ავსტრიის, უნგრეთის, ბულგარეთის და რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ოფიციალური სადილის ფორმატში წარიმართა და შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ევროპელი ელჩები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართლის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმებით. მათ ქართულ დელეგაციას საკუთარი გამოცდილების გაზიარება და დახმარება შესთავაზეს.
“ჩვენ გვქონდა ოფიციალური სადილი ევროსაბჭოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან. მათთან ერთად განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას. მათ დიდი ინტერესი დიდი ინტერესი გამოთქვეს საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელებულ სამართლებრივ ცვლილებებთან დაკავშირებით, აინტერესებდათ ცალკეული გახმაურებული საქმეების შესახებ როგორი იყო ჩვენი შეფასება და ხედვები. ჩვენ გავაცანით ყოველივე ის, რაც მათ აინტერესებდათ და დამატებით მათი მხრიდან გამოთქმულ იქნა მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ისეთ საკითხზე, სადაც საჭიროა ევროსაბჭოს და ცალკეული ევროპის ქვეყნების მხრიდან სამართლებრივი მხარდაჭერა, ეს იქნება ექსპერტების, სპეციალისტების დონეზე თუ ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე, ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ დაგვეხმარონ და უზრუნველგვყონ საჭირო ღონისძიებებით,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.