ინფორმაციას IDF (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ავრცელებს. ორგანიზაციამ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თეატრში სულ დასაქმებულია 580 ადამიანი, რომელთა წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 4 493 040 ლარს. თითოეული თანამშრომლის სარგო კი მერყეობს 115 ლარიდან (გუნდის კონსულტანტი) 2 650 ლარამდე (ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი). ბალეტის მსახიობების სარგო მერყეობს 200 ლარიდან 1 200 ლარამდე.
2012 წლის მანძილზე, თეატრს დამატებით კიდევ 344 363,25 ლარი გადაერიცხა, რაც პრემიებზე დაიხარჯა _ ნინო ანანიაშვილის პრემიამ 20 375 ლარი შეადგინა. 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე, თეატრმა განახორციელა 602 447 ლარის ღონისძიებები. ყველაზე დიდი ოდენობის თანხა _ 176 555 ლარი, გამოყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 წლის და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წლის 11 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტის ორგანიზება-მოწყობისათვის. ამას გარდა, თეატრს 162 000 ლარი გამოეყო მთავრობის განკარგულებით საბალეტო დასის იაპონიაში გასტროლზე გამგზავრების დასაფინანსებლად. ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 120 000 ლარი გადარიცხა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პრიმა ბალერინა ნ. ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გალა-კონცერტის გასამართად. ასევე, საინტერესოა კერძო კომპანიების მიერ დაფინანსებული ღონისძიებები ოპერისა და ბალეტის თეატრში: შპს “წინანდლის მამულების” მიერ გამოიყო 67 363,25 ლარი სოფელ წინანდალში ახალი სასტუმროს მშენებლობის პრეზენტაციისთვის გასამართი ღონისძიების ორგანიზებისათვის; შპს “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ _ 4 955,25 ლარი, პროექტში _ “ცეკვავენ ვარსკვლავები” საბალეტო დასის მონაწილეობის მისაღებად და შპს “ჯი ენდ ჯი პროდაქშენის” მიერ _ 5 000 ლარი თბილისის “იუსტიციის სახლის” გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის ავანსის დასაფარად.