“დაიგეგმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ღონისძიებების გაძლიერებაზე ლგბტ თემის წევრთა უფლებების დაცვის მიზნით,” _ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გურია ნიუსი” უცვლელად ამ განცხადებას: “2013 წლის 28 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ინიციატივითა და საქართველოს სახალხო დამცველის მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროს ალექსანდრე ჭიკაიძესთან და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკა სამარღანიშვილთან.
სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა 17 მაისის შემდგომ, ლგბტ თემის წევრთა მიმართ გახშირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტურობის გაძლიერებაზე და ინტერვენციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე. ყურადღება დაეთმო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირების აუცილებლობას და პოლიციის მიმართ ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართვიანობის გაზრდის საჭიროებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზურაბ რუხაძეს, რომელმაც 17 მაისს, ვაჩნაძის ქუჩის ინციდენტის დროს გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და გულისხმიერება, რათა აქციის წევრები საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გაერიდებინა საფრთხისგან.
თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ღონისძიებების გაძლიერებაზე ლგბტ თემის წევრთა უფლებების დაცვის მიზნით,” _ ნათქვამია განცხადებაში.