(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირას, ბაქოში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა, რომელშიც 15 სპორტსმენიდან სამი ოზურგეთელი იყო _ გიორგი თოიძე (მწვრთნელი ვალერი ზურაბიანი), თემურ კვაჭაძე (მწვრთნელი ალექსანდრე ბოლქვაძე) და გიორგი მდინარაძე (მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი). წარმატებას მხოლოდ გიორგი მდინარაძემ მიაღწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. როგორც ბაქოდან ჩამოსულმა ქართული დელეგაციის წევრებმა გვითხრეს, გიორგიმ ხუთივე შერკინება კარგად ჩაატარა, მაგრამ ფინალში მსაჯების ტენდენციურობის გამო, გამარჯვება თურქ მოჭიდავეს ხვდა წილად.
გიორგი მდინარაძის თქმით, შედეგი გააპროტესტეს, მაგრამ მას რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველ მოჭიდავეს მედალი, თასი, სიგელი და 400 დოლარი გადასცეს. ამ ეტაპზე გიორგი სხვა ტურნირებისთვის ემზადება და იმედს აქვს, რომ წარმატებას და პირველ ადგილს აუცილებლად მოიპოვებს.