(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში გაიმართა კონფერენცია თემაზე _ “ქართული თეატრი დღეს”. კონფერენცია კავშირის თავმჯდომარემ, რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ გახსნა. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თეატრმცოდნეებმა: ვასილ კიკნაძემ, ზაზა სოფრომაძემ, ნიკა წულუკიძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, ლევან ხეთაგურმა, გუბაზ მეგრელიძემ, გია ცქიტიშვილმა, გოგა ჩართოლანმა და სხვებმა; ასევე, თეატრმცოდნეებმა და ჟურნალისტებმა რეგიონებიდან _ ფიქრია ყუშიტაშვილმა კახეთიდან, ნესტან გოგოლაძემ იმერეთდან, ქეთევან კუკულავამ გურიიდან.
ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება” პასუხისმგებელი მდივნის, თეატრმცოდნის ნინო მაჭავარიანის თქმით, კონფერენციაზე ქართული თეატრის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, მედიაში თეატრალური ცხოვრების გაშუქების პრობლემებზე იმსჯელეს: _ პრესაში რაც შეიძლება მეტი და დახვეწილი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს. კონფერენციაზე დაისვა საკითხი, რომ თეატრმცოდნეები რეგიონების მიხედვით განაწილდნენ, რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტებისა და თეატრმცოდნეებისთვის ჩატარდეს ტრენინგები, რაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩატარდება. კარგი იქნება თეატრმცოდნეებმა ერთობლივად ნახონ სპექტაკლები პრემიერამდე, გააანალიზონ, სეზონი შეაჯამონ. მომავალი კონფერენცია ქართულ რეჟისურაზე, სცენოგრაფიაზე, სამსახიობო ხელოვნებასა და ბევრ სხვა საკითხზე ვიმსჯელებთ, _ თქვა ქალბატონმა ნინომ “გურია ნიუსთან” საუბარში.