გთავაზობთ გურიაში კარგად გავრცელებული ამ მსხლის მურაბის მომზადების წესს, მთლიანი ნაყოფით, რაზეც ყუნწი უნდა იყოს შენარჩუნებული. ასეთი ფორმითაა ის გამორჩეული, სტუმართან თავმოსაწონი და არც შინაურ გარემოში გვაწყენს _ შესანიშნავია ყელის ჩასაკოკლოზინებლად.
ავიღოთ საშუალოზე პატარა ზომის მსხალი. თითოეულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყუნწი. გავთალოთ და წვრილწვერიანი დანით ფრთხილად გამოვუღოთ შიგთავსი. შემდეგ ამ ღრუში ჩავდოთ თეთრი ქიშმიშისა და მოხალული თხილის ორი-სამი მარცვალი (რამდენიც ჩაეტევა), ისე, რომ გავჭედოთ. დავაყაროთ შაქარი თანაბარი პროპორციით _ კილოს კილოგრამი და გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე. შეუდგება თავისივე წვენი და ასე დავდგათ მოსახარშად საშუალო ცეცხლზე. დუღილისას რამდენჯერმე გადმოვდგათ. როცა მოვამზადებთ, ჯერ მთელ-მთელი ნაყოფი ჩავდოთ ქილებში და შემდეგ შევავსოთ სიროფით. მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.