დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეებს კითხავდა. გურამ ჩალაგაშვილის ადვოკატის განცხადებით, “პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე სრული ფიასკო განიცადა, რადგან მოწმედ “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი გამოიყვანა, რომლის განცხადებით, გურამ ჩალაგაშვილი მისი ხელმძღვანელი არ არის, რაც საქმის ვითარებას არსებითად ცვლის,” _ აღნიშნავს თეიმურაზ მესხი.
ჩალაგაშვილის საქმის არსებითი განხილვა 19 ივნისს გადაიდო.
პროკურატურა ჩალაგაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება 2013 წლის 12 იანვარს მომხდარ შემთხვევას, როდესაც, გამოძიების თანახმად, გურამ ჩალაგაშვილი ქუთაისში, რესტორან “ამირანში” იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რა დროსაც “ენერგო პრო ჯორჯიას” ადგილობრივ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და შუქის გამორთვა მოსთხოვა. მისივე განმარტებით მოსახლეობაში მოკლე ჩართვის მოსალოდნელი საფრთხე არსებობდა და ამის გამო თხოვა “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელს ელექტროენერგიის გამორთვა. გამოძიების ცნობით, შუქი გაითიშა არა მხოლოდ რესტორანში, არამედ მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ობიექტებში, რის გამოც შუქის მიწოდება 200-მდე ოჯახს შეუწყდა.