ბესელიას განცხადებით, ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის _ სამადაშვილის ბიზნესინტერესებს უკავშირდება. ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეებს, აღნიშნულ თემაზე სარჩელი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აქვთ შეტანილი და საქმეზე მალე სასამართლო განხილვა დაიწყება. აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნის, შესაბამისად, მალე ძველი სავაჭრო ფართების დატოვება მოუწევთ, რის გამოც ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე რჩება. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ თემაზე დამატებითი განხილვები მიმდინარეობს.
“ის პრობლემა, რომელიც არსებობს ზესტაფონის ბაზარში, ეს არ არის ახალი პრობლემა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. რამდენიმე თვეა, ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენთან, კომიტეტში ორი განცხადება იყო შემოსული. ორივეზე კვლევა ჩავატარეთ, რეაგირება გავაკეთეთ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან. კიდევ მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. საკმაოდ ღრმა პრობლემაა _ ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება “ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენლის _ სამადაშვილის ბიზნესინტერესებს. ეს არის ძველი პრობლემა, რომელიც ხორციელდებოდა თანამდებობების ბოროტად გამოყენებით და ბევრი თანამდებობის პირის ბიზნესინტერესების გასახორციელებლად. უყურადღებოდ ამის დატოვება არ შეიძლება. ვიცი, რომ პროკურატურა საქმის კურსშია. მზადა ვართ, პრობლემა დამატებით შევისწავლოთ და რა რეაგირებაც გახდება საჭირო, ისე მოვიქცეთ,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელი მოვაჭრეები დღეს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან აქციას მართავდნენ, ეკა ბესელიასთან შეხვედრისა და ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების მოთხოვნით. მათ ზესტაფონის ბაზარში მუშაობის ვადა ამ კვირის ოთხშაბათს ეწურებათ.