მაღალი მოსავლიანობა, მარცვლის მიერ ტენის სწრაფად გაცემის უნარი მწიფობისას. ჰიბრიდული ჯიშის უპირატესობებია: სტაბილურობა, გამძლეობა, პროგნოზირებადობა. მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელია ჰექტარზე 11-12 ტონა, _ ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის კორპორაცია ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ამერიკულ ჰიბრიდზე გაცილებით მაღალი მოსავლიანობის მაჩვენებელი ქართულ ჰიბრიდებს აქვთ:
_ მთავრობამ ამერიკიდან ჰიბრიდული სიმინდი ისე შემოიტანა, რომ ქართული ჯიშების მოსავლიანობის მაჩვენებელი არც კი მოიკითხა. არადა, ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი, დაახლოებით 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება. მართალია, სიმინდი მე-17 საუკუნეში საქართველოში ამერიკიდან შემოიტანეს, მაგრამ შემდეგ, ქართველმა მეცნიერებმა სელექციის შედეგად, სიმინდის ახალი ჯიშები და ჰიბრიდები გამოიყვანეს. ეს ჯიშები ნორმალური აგროტექნიკის პირობებში საკმაოდ კარგი მოსავლით გამოირჩევა და ამერიკიდან შემოტანილ ჰიბრიდებს, რომლისთვისაც მთავრობამ 30 მილიონი ლარი გადაყარა, არაფრით ჩამოუვარდება, _ გვითხრა კოღუაშვილმა.
ჩვენებური, ქართული სიმინდის ჯიშებია: ქართული კრუგი (ყვითელი სიმინდი) ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 10-12 ტონა მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი _ 12-14 ტონას. გეგუთის ყვითელი, რომელიც ასევე ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 7-8 ტონა სიმინდის მოსავალს იძლევა, აბაშის ყვითელი _ 7-8 ტონას, აჯამეთის თეთრი _ 7-8 ტონას, პაპალაშვილის თეთრი (თეთრი და ყვითელი) _ 12-14 ტონას, კაჟა თეთრი _ 5-6 ტონას, ნახევარკბილა _ 5-6 ტონას.
_ რაც შეეხება ქართულ ჰიბრიდებს, მათ გამოყვანაზე პროფესორი ზურაბ ჯინჯიხაძე მუშაობდა. ქართული ჰიბრიდები რამდენიმე სახისაა და საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ქართული წეროვანი-1, ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 12-14 ტონა მოსავალს იძლევა, წეროვანი 2-იც ასევე 12-14-ტონიანია, წეროვანი 4 _ 12-14 ტონა, წეროვანი 5 _ 10-12 ტონა, ენგური _ 12-14 ტონა, ქართული ურწყავი _ 10-12 ტონა მოსავალს გვაძლევს, _ აღნიშნა კოღუაშვილმა.
სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკული ჰიბრიდის დათესვა საქართველოს სოფლის მეურნეობას და სიმინდის კულტურას გაანადგურებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა ისე დაავალდებულა გლეხობას, რომ არც ერთ რეგიონში ნიადაგი არ შეუმოწმებიათ:
_ ათი წელია საქართველოში ნიადაგური კვლევები არ ტარდება. ორი კვლევითი ლაბორატორია 3 წელია რაც გააუქმეს. წინ ძალიან ბევრი პრობლემა გველის. ამერიკული ჰიბრიდის დათესვის გადაწყვეტილებით, მთავრობამ გლეხები შეცდომაში შეიყვანა. საქმე ისაა, რომ ქართული ჯიშისგან განსხვავებით, ამერიკული სიმინდი მეორე წელს აღარ ითესება, შესაბამისად, გლეხმა იგი იმპორტიორისგან ყოველწლიურად უნდა იყიდოს, _ აღნიშნავს კოღუაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული ჰიბრიდის ფასიც ძალიან ძვირია. თუ თავდაპირველად ხელისუფლება ერთ კილოგრამ სათესლე მარცვალს 8 ლარად იძლეოდა, გასულ კვირას გაირკვა, რომ მისი ფასი 14 ლარი გახდა.
“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო თათბირზე დაბარებულ სოფლის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ სიმინდი სასწრაფოდ “გაესაღებინათ”:
_ გლეხები გავაფრთხილეთ და ყველამ იცოდა, რომ კილოგრამში 8 ლარი უნდა გადაეხადათ. ახლა კი გვითხრეს, კილოგრამის საფასური თოთხმეტი ლარიაო! არ ვიცი, რა ვქნათ. როგორ გინდა მიხვიდე და გლეხკაცს უთხრა, რომ ერთ ტომარაში 40 ლარის ნაცვლად, 70 ლარი უნდა გადაიხადონ, _ აღნიშნეს ჩვენთან კონფიდენციალურ საუბარში რწმუნებულებმა.
მათივე ინფორმაციით ამავე თათბირზე ხელისუფლებამ უფრო მკვეთრი განცხადებაც გააკეთა:
_ თუ მოსახლეობაში ვერ გაყიდით, კეთილი ინებეთ და თქვენი ფული დადეთ, _ უთქვამს თანამშრომლებისთვის ადგილობრივ მთავრობას.
კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით, ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ მოხელეს 3-დან 5 კილოგრამამდე სიმინდის შეძენა უწევთ:
_ თავიდან მითხრეს, რომ 2 კილოგრამი უნდა შემეძინა და 16 ლარი გადამეხადა. ახლი კი დამავალეს, 3 კილო შევიძინო და კილოგრამში 14 კარი გადავიხადო, _ გვითხრა ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ.
სამსახურის უფროსებს და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მეტი “ხარკი” დააკისრეს _ მათ 5 კილოგრამი ამერიკული ჰიბრიდის ყიდვა ევალებათ.
წყაროები გვიდასტურებენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის ყიდვას სკოლებში, საბავშვო ბაღებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ავალდებულებენ.
გურია გამონაკლისი არ გახლავთ და ანალოგიური მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, ხარაგაულის რაიონში, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სიმინდის ყიდვას არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ სოციალურად დაუცველებსაც აიძულებენ, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: მოსახლეობას არ აფრთხილებენ, რომ ჰიბრიდული თესლი ძლიერმომწამვლელი შხამ-ქიმიკატებითაა დამუშავებული. მასთან შეხება მხოლოდ ხელთათმანებით, პირბადითაა დასაშვები. არ არის გამორიცხული, რომ ლუკმაპურისა და მიწის დამუშავებისთვის საჭირო საწვავის გარეშე დარჩენილმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ მამასისხლად ნაყიდი თესლი გადასაყრელად ვერ გაიმეტოს, დაფქვას და საკვებად გამოიყენოს, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება! ხარაგაულშიც ადასტურებენ, რომ კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის ფასი 8 ლარიდან 14 ლარამდე გაიზარდა. თანაც, მინიმალური შესაძენი მოცულობა 5-კილოგრამიანი პაკეტია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ცინცაძე შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის ფასის მატების საქმის კურსში არ აღმოჩნდა!
_ რატომ მოიმატა ფასმა, არ ვიცი. არ ვარ საქმის კურსში. მასე კილოგრამობითაც არ შემიძლია რაიმე აგიხსნათ. ჩვენ ცალობით ვანგარიშობთ. ერთი ჰექტრისთვის საკმარისია 65 000 მარცვალი. ეს რამდენი კილოგრამია ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, მუნიციპალიტეტებმა რა და როგორ დააფასოეს, _ აღნიშნა ცინცაძემ, თუმცა, ვერც 1 მარცვალი სიმინდის ფასი ვერ დაგვისახელა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დიმიტრი კორიფაძემ იცის, რომ ერთ ჰექტარზე 65 000 ცალი სიმინდის მარცვალია საჭირო; გამოიანგარიშა ისიც, რომ 1 000 მეტრზე 6 500 მარცვალი იქნება საჭირო. თუმცა, არ იცის რამდენი მარცვალია ერთ კილოგრამ სიმინდში, რომელსაც გლეხს 14 ლარად აძლევენ.
_ მე არ ვიცი ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი კილოგრამი სიმინდის ყიდვა 8 ლარად შეიძლებოდა, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გიორგაძემ.
_ ბატონო გია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პირადად გვითხარით, რომ 8 ლარი ეღირებოდა…
_ არ ვიცი. მე მთავრობის დადგენილება ჩამომივიდა, სადაც აღნიშნულია რომ ერთი ტომარა სიმინდი 70 ლარი ღირს. ამ ტომარაში კი 5 კილოგრამი მარცვალია, რაც ცალობაში 16 000 მარცვალია, _ დაგვიზუსტა გიორგაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთი ჰექტრისთვის გათვალისწინებული ამერიკული ჰიბრიდული მარცვლისთვის გლეხმა 240 ლარი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ზუსტად იგივე სახის სათესლე მასალა, თანაც, 85000 მარცვალი, უკრაინაში გაცილებით იაფია. სპეციალისტების თქმით, ამავე რაოდენობის ქართული ჯიშის სიმინდის თესლის საყიდლად 70 ლარი საკმარისი იქნებოდა.
გასულ კვირას, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში” გასული სიუჟეტის თანახმად, გურიაში სიმინდი უკვე დათესეს. არადა, სათესლე მარცვლის გაცემა მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 29 აპრილს დაიწყეს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირდაპირ ცემენტის იატაკზე დალაგებულ პაკეტებში თესლმა ლპობა დაიწყო.
_ ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს შესანახად სპეციალური ადგილი სჭირდება. გასარკვევია, დაცულია თუ არა შენახვის პირობები, რამდენად კარგი შეფუთვაა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ლპობა დაიწყოს. მით უმეტეს გურიაში, ნესტიანი ჰავის პირობებში, _ გვითხრა ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.
ამ ფაქტების გადამოწმება უშუალოდ პირველწყაროებთან ვცადეთ.
ჰიბრიდული სიმინდის თესლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის “გარაჟში” ინახება. ამ საცავს ბოქლომიც საგულდაგულოდ დაადეს და იქ მისულ “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს. “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ლაშა ღლონტს თხოვნით მიმართა, ოზურგეთში დასაწყობებული, საგულდაგულოდ გადამალული ჰიბრიდული სიმინდის თესლის ფოტოს გადაღების საშუალება მიეცა. მან ჯერ თანხმობა მოგვცა, გასაღები მე მაქვს და დამელოდეთო. თითქმის, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ (როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, სავარაუდოდ, მან “უფროსობასთან” კონსულტაცია გაიარა), მიგვიყვანა სახანძრო სამსახურის “გარაჟთან” და გვითხრა, მხოლოდ გარაჟის ფასადი გადაგვეღო: _ სიმინდი აქ არის ჩაკეტილი, გასაღები სხვას აქვს და ის საღამომდე ვერ ჩამოვა. რა პრობლემაა, ხვალ გადაიღეთ… _ გვითხრა ღლონტმა. მოგვიანებით, მაინც მოვახერხეთ მომცრო ჭუჭრუტანიდან სურათის გადაღება. მეორე დღეს ბატონ ლაშას რამდენიმე კითხვით მივმართეთ. მან თავიდან უარი გვითხრა და პრესამსახურთან გადაგვამისამართა მოტივით, იგი დალაგებულად, ლამაზად მოგაწვდით პასუხს ყველა კითხვაზე, რაც გაინტერესებთო.
_ როგორ, თქვენ არ შეგიძლიათ დალაგებულად გვიპასუხოთ?
_კი, როგორ არა, მაგრამ ასე გვირჩევნია, რომ ყველა სტრუქტურამ პრესსამსახურთან ითანამშრომლოს.
_ ანუ, თქვენ აგიკრძალეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა?
_ არა, არა, უბრალოდ, ჯობია, უფრო დალაგებული იქნება ყველაფერი, ასე გვირჩევნია, გვირჩიეს, რომ ასე გავაკეთოთ.
_ ვინ გირჩიათ?
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ჩვენ გაგვაფრთხილეს და თან გვირჩიეს, რომ ჟურნალისტებმა მიმართონ პრესსამსახურსო, რადგან გაიცეს დალაგებული და კარგი პასუხიო.
_ ანუ არ გვაძლევთ ინტერვიუს?
_ მე კი, მაგრამ…
_ ბატონო ლაშა, ამბობენ, რომ თესლი გაფუჭებულია.
_ არა, არა, არავითარ შემთხვევაში, არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ თესლი კარგად გვაქვს შენახული, პასუხისმგებელი ვარ.
_ რა ხდება ხვნა-თესვასთან დაკავშირებით. დაითესა ჯერ თუ არა?
_ არა.
_ დაიწყო თუ არა ხვნა-თესვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში?
_ გეტყვით; მე ველოდები სოფლის რწმუნებულებისგან ინფორმაციებს, თითოეულ სოფელში რამდენი დაითესა, მათ აქვთ დავალებული, ზეპირად ვერ გეტყვით. დაწყებულია თესვა, ზოგმა დაბარა, დახვნა.
_ კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს _ გაეცით თუ არა ჯერ თესლი?
_ კი, გარკვეული რაოდენობა გაცემულია. უმეტესობა გვიწყვია იმიტომ, რომ ამინდებმა ხელი შეგვიშალა; შესაბამისად, არ იყო იმის პირობები, რომ გაგვეცა. შეიძლებოდა, დასველებოდათ და გაფუჭებოდათ. ამიტომ, ჩვენ მშრალად გვაქვს შენახული.
_ როდის დაიწყება გაცემა?
_ სასწრაფოდ.
_ ვისაც წაღებული აქვს ეს თესლი, ფერმერები არიან თუ საჯარო მოხელეები?
_ ფერმერები, რა თქმა უნდა. საჯარო მოხელეს რად უნდა სიმინდი?
_ რა, ბატონო ლაშა, საჯარო მოხელეს სიმინდი არ უყიდია? არ დაავალეს?
_ რას ამბობთ, არცერთ საჯარო მოხელეს სიმინდი არ შეუძენია, არავითარ შემთხვევაში!
_ ბატონო ლაშა, სიმინდის დაძალება საჯარო მოხელეებისთვის გურიაში დამტკიცებული ფაქტია; ამას არც საჯარო მოხელეები უარყოფენ და წუხან კიდეც, რომ თითოეულმა ხელფასიდან 70 ლარი უნდა გადაიხადოს.
_ დეფიციტია სიმინდი _ შემოტანილია 30 000 ჰექტარზე სამყოფი სათესლე მასალა და მოთხოვნა 40 000 ჰექტარზეა. სიმინდი განაწილდა გლეხებზე და ფერმერებზე. იყო დეფიციტი. მოთხოვნა ძალიან დიდია. ვინც მოასწრო დარეგისტრირება პირველ მარტამდე, ის არის შემოსული. ეს სიმინდი არის მათთვის, მერე რომ დარწმუნდნენ, რომ ეს არ იყო ცუდი. იცით, როგორი ინფორმაციები ჟღერდა ამასთან დაკავშირებით; ამ შემთხვევაში წამოვიდა ხალხის ნაკადი, ვინც უნდა ჩავიდეს ქუთაისში და საწყობში იყიდოს.
_ თუ შეიძლება, გვაჩვენეთ საწყობი, სადაც ინახება ჰიბრიდული სიმინდის თესლი, ფოტო გვინდა გადავიღოთ; გუშინ არ გადაგვაღებინეთ და შეგვპირდით, რომ დღეს პრობლემა არ შეგვექმნებოდა.
_ რა საჭიროა, ახლა ფოტოს გადაღება? რომ დავიწყებთ თესლის გაცემას, მაშინ გადაიღეთ ან მიმართეთ ომარ ჩხარტიშვილს და ის გადაგაღებინებთ. თქვენ იცით, გასაღები ომარის ჰქონდა და ის ოზურგეთიდან გასული იყო. გასაღები მე არ მქონდა. მე კი ვარ ზედამხედველი, მაგრამ საწყობი ომარის აბარია.
_ ბატონო ლაშა, სულ რამდენი ტომარა სიმინდია?
_ 723 ტომარა, ეს არის ოთხი ტონა და ასი კილოგრამი.
_ რა ღირს ერთი ტომარა?
_ 70 ლარი.
_ ერთ ჰექტარზე რამდენია საჭირო?
_ ოთხი ტომარა.
ამასობაში, ბატონი ლაშას მაგიდაზე საჯარო მოხელეთა გრძელი სია შევნიშნეთ, რომლის გასწვრივაც მიწერილი იყო, ვინ რამდენი კილოგრამი თესლი უნდა შეიძინოს.
_ ბატონო ლაშა, ეს რა არის?! თქვენ წეღან განაცხადეთ, არც ერთ საჯარო მოხელეს არ წაუღიაო. აქ ხომ გარკვევით წერია მოხელეების სია, სოფლების მიხედვით, ვინ რომელი და როგორი ფერის სიმინდი უნდა წაიღოს?
_ ვინ არის საჯარო მოხელე?
_აი, ეს: ნანა ხომერიკი (გამგეობის იურისტი), გიორგი ტაკიძე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი) მამუკა ღელეყვა (გამგეობის თანამშრომელი) , თინათინ ლომჯარია (გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი), ბესიკ ლომინაძე (შემოქმედის რწმუნებული), გრიგოლ ჩხაიძე (სოფელ ოზურგეთის რწმუნებული) და ასე შემდეგ… (ჩვენ გვაქვს საკმაოდ გრძელი სიის აუდიოჩანაწერი, რომელსაც ხმამაღლა თავად კითხულობს ბატონი ლაშა).
_ თქვენ არ იცით, ამ სიმინდს რამდენი ხალხი ეძებს. სად არის დასაძალებელი?! ლაგოდეხში შარშან რომ დაითესა, ძალიან მაღალი შედეგი მიიღეს. წელს მიაწყდა ხალხი, ჩვენთან კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ. მთელი მსოფლიო ამას თესავს და მომგებიანია, მანდამაინც ოზურგეთს არ ექნება მოგება? მანდამაინც გურულებიზა დარჩება ყველაფერი უსაშველო?
ლაშა ღლონტის რჩევის შესაბამისად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტთან სოფლის მეურნეობის დარგში ომარ ჩხარტიშვილთან მივედით.
_ ბატონო ომარ, თქვენთან გამგებლის მოადგილემ გამოგვიშვა და გვითხრა, რომ ჰიბრიდული სიმინდის დასაწყობებული თესლის ფოტოს გადაღებაში დაგვეხმარებით…
_ ოღონდ, სურათის გადაღება არ მითხრათ!
_ რატომ?
_ არა, სურათს ვერ გადაგაღებინებთ, ლაშა არაა ჩემი უფროსი. სურათი არა, მაგრამ დანარჩენი, რაც გაინტერესებთ, მითხარით და ყველაფერს გეტყვით.
_ რამდენი კილოგრამი თესლი ჩამოიტანეთ?
_ 3 615 კილოგრამი. თეთრი არის 215 ტომარა, დანარჩენი არის ყვითელი, ეს არის მათთვის, ვინც ერთ ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე თესავს, ხოლო ვინც ერთ ჰექტარზე მეტს თესავს, მათ თესლი მოიკითხეს ქუთაისში ძირითადი საწყობიდან. საიდანაც წამოღებული აქვთ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ფერმერებს 3 ჰექტრისთვის, 6 ჰექტრისთვის, ასევე ჭანიეთში 50 ჰექტარზე უნდა დაითესოს. ჩვენ დაახლოებით 15 მაისისთვის უკვე სია გვექნება იმ ადამიანების, ვინც ერთ ჰექტარზე მეტს თესავს.
_ გაეცით თუ არა ჯერ თესლი?
_ ჩვენ ჯერ ხვნა-თესვის სამუშაოები არ დაგვიწყია. იმიტომ, რომ კლიმატური პირობები არ იძლევა ამის საშუალებას. თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რაც ტელევიზიით გადაიცა, იქ საუბარი იყო ზოგადად სიმინდზე. იქ იყო აბაშისა და კახეთის ზონა ნაჩვენები. ოზურგეთში ჯერ ჰიბრიდული სიმინდის ხვნა-თესვა არ დაწყებულა.
_ შესაბამისად, არც თესლი გაგიციათ?
_ არა.
_ გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობით?
_ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამოიწურა მოთხოვნის ვადები და შემდეგ გაუჩნდათ სურვილი, ჩვენ დამატებით ვთხოვეთ კორპორაციას, რომ იქნებ დაგვაკმაყოფილონ, რადგან მსურველები გამოჩნდნენ. აი, როცა გავცემთ იმ სიმინდს, რაც ჩვენ გვაქვს, ცოტა რეზერვიც არის. თესლი, დაახლოებით, ათი დღეა, ჩამოვიტანეთ. როცა გაცემის პროცესი დაიწყება, დაგიკავშირდებით და მე თვითონ გადაგაღებინებთ ფოტოს.
_ გასაღები ვის აქვს?
_ გასაღები მე მაქვს. მაგრამ არ შედის ჩემს კომპეტენციაში, სურათი გადაგაღებინოთ, გამგებელს მიმართეთ.
_ მყიდველმა ფული თქვენთან უნდა გადაიხადოს?
_ რაც შეეხება ფულის გადახდას, შვიდი თვის მერე გადაიხდიან, როცა მოსავალს მიიღებენ. ფულს ჩვენ მოვთხოვთ, ანუ ბანკში ჩარიცხვას. ვინც არ არის სიაში, მოვა და იტყვის, მინდაო. როცა ფულს ჩარიცხავენ, მაშინ მიიღებენ სიმინდს. ვიღაცას ისე ხომ არ გავატანთ, არა? თუმცა, არც ხელს შევუშლით (?!!).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში, გიორგი ჭყონია კი 28 აპრილს ჩვენთან საუბარში არ უარყოფს, რომ ლანჩხუთში თესვა ჯერ არ დაწყებულა:
_ ძალიან ცუდი ამინდები გვქონდა. ლანჩხუთში დღეს დავიწყეთ ხვნა. სიმართლე გითხრათ არ გამიგია რომ სადმე თესლი დაითესა, _ აღნიშნა ჭყონიამ.
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა გუბერნატორმა:
_ თესვა მასიურად არ დაწყებულა ამინდის გამო. ამ ეტაპზე ცოტა, რამდენიმე ჰექტარია დათესილი(?!), _ აღნიშნა ჩიტაიშვილმა.
_ ბატონო ვალერი, თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ჰექტარია დათესილი ოზურგეთში, ჩოხატაურში და ლანჩხუთში?
_ ხომ გითხარით, რომ არ აგვიანდება, _ “დაგვიკონკრეტა” გუბერნატორმა.
პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ ამ ჰიბრიდული თესლით შეიძლება ოდნავ უკეთესი მოსავალი კახეთში, კონკრეტულად კი ლაგოდეხში მიიღონ. სხვა რაიონში შეიძლება, საერთოდ არ გაამართლოს და ცუდი მოსავალი მოვიდეს. ეს კი უპირველეს ყოვლისა, სავალალოა გლეხისთვის:
_ თესლის ფასსაც კი ვერ გადაიხდის, რომელსაც 17 კილოგრამზე განვადებით 7 თვის მანძილზე ახდევინებენ. თანაც ამ სიმინდის დათესვა დასავლეთ საქართველოში რეკომენდებული არ არის, რადგან ადგილობრივი ჯიშების დამტვერიანების საფრთხე არსებობს და ამან შეიძლება ცუდი შედეგი მოგვცეს. ამ სიმინდს აგროტექნიკა სჭირდება. აღნიშნული ჰიბრიდული სიმინდის დარაიონებაც კი არ მომხდარა, ანუ არ არის გამოცდილი სხვადასხვა ნიადაგში, არ ვიცით ამა თუ იმ ნიადაგურ პირობებს როგორ შეეგუება. ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამას ემატება საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა. ჩემს კოლეგასთან გამოვიკვლიე საქართველოს ნიადაგებში საკვები ელემენტების ბალანსის მდგომარეობა და კატასტროფული შედეგი მივიღე. ჩვენი ნიადაგები აბსოლუტურად გამოფიტულია იმ საკვები ელემეტებისგან, რომელიც აუცილებელია. გურიაში მიწებს სჭირდება აზოტით, ფოსფორით და კალიუმით განაყოფიერება. ერთი ტომარა აზოტი ახლა 38 ლარი ღირს. ამერიკული ჰიბრიდის დათესვის შემთხვევაში, გურიაში, 1 ჰექტარზე მიწას 100 კგ. აზოტი სჭირდება, მეორეზე 200 კგ. ასევე აუცილებელია ფოსფორი და კალიუმი _ 20-20 კილოგრამი. ამ უკანასკნელის მარაგი კი ქვეყანაში არ არსებობს.
როგორც გავიგე, სპეციალისტებთან ახლა დაიწყეს იმის ძიება, 1 ჰექტარზე რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანონ, რათა დაგეგმილი შედეგი მიიღონ. ზუსტ მონაცემს ვერავინ ეტყვით, ვინაიდან ნიადაგის მდგომარეობის მხოლოდ 10 წლის წინანდელი მონაცემები გვაქვს. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას, დაახლოებით, 800 ლარი სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით კი, ქართველ გლეხს 30-ლარიანი პრეპარატის შეძენის საშუალებაც არ აქვს.
_ ბატონო პაატა, რამდენად ვარგისია ეს სიმინდი საკვებად?
_ ეს სიმინდი გამოიყენება, როგორც მეცხოველეობაში, ისე სასურსათოდ. ამერიკელები ძირითადად მეცხოველეობისთვის აწარმოებენ. ჩვენ სხვა სისტემა გვაქვს. ჩვენი მეცხოველეობა დაფუძნებულია ბალახეულზე, ნახევრად ბაგური სისტემაა. დასავლეთ საქართველოსთვის სიმინდი საკვები პროდუქტია. ჭამენ ღომს და მჭადს. ამიტომაც დასავლეთ და აღმოსავლეთში ამ კულტურის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაა. მთავრობამ ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ აკეთებენ აქცენტს კახეთზე. თან ეს სამარცვლე სიმინდი არ არის _ კომბინირებულია. მე თვითონ ხუთჯერ მაქვს ამერიკაში ეს სიმინდი ნანახი. ვიყავი “პიონერში”, ვიცნობ ხელმძღვანელებსაც კი. იმ ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მჭადი ენატრებათ _ თუ პურის ფქვილი არ შეურიეს, არ ცხვება მჭადი ისე. ქართველი კაცი ამას ვერ შეჭამს. არ არის სასურსათო დანიშნულების. ამერიკელები სხვა დანიშნულებით იყენებენ. ეს უნდა გავიგოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი უვიცი, გაუნათლებელი ბავშვია, რომელიც ღუპავს სოფლის მეურნეობას. რად გვინდა საშრობი, როცა იქ შესანახი პროდუქცია არ გვაქვს?!
_ ხელისუფლება ხომ მოსავლის ექსპორტზე გატანას გეგმავს…
_ რა ექსპორტი, რის ექსპორტი! საქართველო სიმინდის ექსპორტს მხოლოდ 1895-1897 და 1910-1912 წლებში აწარმოებდა, ესეც იმიტომ, რომ იმ დროს მთელ ევროპაში საშინელი კრიზისი იყო. მაგრამ ექსპორტი იმდენად უმნიშვნელო და მცირე იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ მაშინვე ატეხა განგაში. ჭავჭავაძის აზრით, სიმინდის ექსპორტზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ილია ამბობდა: სიმინდი და ხორბალი იმდენი უნდა მოვიყვანოთ, რომ ჩვენს შიდა ბაზარს ეყოს და დაგვაპუროს. საექსპორტოდ, თუ რამე გვინდა, სხვა დარგებს უნდა მივხედოთო და აბსოლუტურად მართალიც იყო. გარდა ამისა, სანამ ექსპორტამდე მივალთ, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარმატებულად გახორციელებისთვის მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი: უნდა მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დანიადაგება, მექანიზაცია, წამლობა, სასუქების გამოყენება, ყვითელი ჟანგას პრობლემა და ა.შ.
დამტკიცებულია, რომ ვერავითარი ჰიბრიდი ვერ აჯობებს ადგილობრივ ჯიშს. ეს მივწერე კიდეც პრეზიდენტს. პატრიარქმაც ეპისტოლეში სწორედ ამას გაუსვა ხაზი _ თქვა, რომ ჩვენი კულტურები უნდა შევინარჩუნოთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიას მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, კვლევითი ლაბორატორიები გააუქმეს და ამ ფონზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბრობენ. ჩვენ ტრამალების ქვეყანა არ ვართ რომ ჰიბრიდული სიმინდის პლანტაციები გავაშენოთ. სელექციონერები, რომლებიც სიმინდის ჯიშებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, საკმაოდ დიდი მიღწევები და გამოცდილება აქვთ, დღესაც ცოცხლები არიან. სწორედ მათ უნდა ვთხოვოთ დახმარება. ისე არაფერი გამოვა. სოფლის მეურნეობის მინისტრს ისე არ ესმის სოფლის მეურნეობის, როგორც მე ჩინური. დღეს (საუბარი ჩაწერილია 28 აპრილს) აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თაღლითები იყვნენ და მილიონობით ლარი მიითვისეს. თურმე, ახალა მიხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომ მის სტრუქტურაში დანაშაული ხდებოდა. არადა, იმ დროს, როცა ეს ამბები ხდებოდა, კვეზერელი მინისტრის მოადგილე იყო და თავადაც ისეა პასუხისმგებელი მომხდარზე, შეჭმულ მილიონებზე, როგორც ის დაჭერილი ჩინოვნიკები.
_ როგორც ვიცით, პრეზიდენტს წერილი მიწერეთ ამის შესახებ…
_ კი, ღია წერილით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, თან ორჯერ. ვწერდი, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო. პრეზიდენტმა მართლაც გააკეთა განცხადება, აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და თქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა გაკეთდეს ეს საბჭო და მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოსო. სოფლის მეურნეობის მინისტრს რომ საქმის ნორმალურად კეთება შეეძლოს და თავს ართმევდეს, მაშინ რაღა საჭიროა ამ საბჭოს შექმნა?! მთავრობა უნდა შეელიოს სოფლის მეურნეობის ამჟამინდელ მინისტრს. კვალიფიციური და საქმის მცოდნე კადრებია საჭირო, რომელთაც სოფლის ბედი მართლაც აღელვებთ.
_ პრეზიდენტმა წერილზე არ გიპასუხათ?
_ ჩემი წერილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადააგზავნეს. იქიდან კი პასუხი დღემდე არ მიმიღია. პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. აგრარულ საკითხებში უცოდინარი მინისტრი გამოდის მაღალი ტრიბუნიდან და ხალხს ატყუებს: შარშან 2000 ჰექტარზე დათესეს ე.წ. უხვმოსავლიანი ხორბალი და 40-პროცენტიანი მოგება ნახესო. ტყუილია ეს, რადგან მოსავლის 50 პროცენტი თაგვმა გაანადგურა. ეს იმიტომ, რომ წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაატარეს. თაგვს რა გამოლევს მინდორში. დღეს ხომ არ გაჩენილა?! ოდითგანვე იყო, მაგრამ ქართველი გლეხი წინასწარ ღონისძიებებს ატარებდა, მიწას დატბორავდა ან თესლს ამუშავებდა ქიმიურად და ა.შ.
პაატა კუღუაშვილი დარწმუნებულია რომ ეს ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაც ჩავარდნილია. მას გურული გლეხებიც ეთანხმებიან, რომლებიც ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვით სოფლის მეურნეობა ვერ გადარჩება. ფაქტია ისიც, რომ “ზემდგომს” ვერც ის რწმუნებულები გადაურჩებიან, რომლებიც ამ სიმინდს ვერ გაყიდიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სიმინდის საფასურის გადახდა ჯიბის ფულით მოუწევთ. ამ ეტაპზე არავის აქვს პასუხი კითხვაზე _ რა იქნება შემოდგომაზე?
ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში 3,5 ტონა, ლანჩხუთში _ 6 ტონა, ხოლო ოზურგეთში _ 6,5 ტონა სიმინდი უკვე ჩამოტანილია და მისი რეალიზაცია უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. მიმდინარე მოვლენები ცხადყოფენ, რომ გურიაში შემოტანილი ამერიკული ჰიბრიდის ნახევარი მაინც დაუთესავი დარჩება, რაც, შემოდგომაზე, სავარაუდოდ, უხვ მოსავალს ვერა, მაგრამ რამდენიმე ვაკანტურ ადგილს გააჩენს!