“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ მინისტრის განცხადებას.
“ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი. სახელმწიფოს ღირსების საქმეა ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირა.
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი შვიდი გმირი მივაბარეთ მიწას, გაგაცნოთ საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება.
ასევე, ცვლილება შედის “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონში, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 15 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს ერთჯერად დახმარებას 100 ათას ლარს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია, სამშობლო, ღირსება ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა.”