ორგანიზაცია განცხადებაში ეხმაურებოდა ე. წ. ” შეჭრილი დევნილების” მიმართ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ დატოვონ მათ მიერ “ოკუპირებული ობიექტები”. სამინისტროს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა შესაბამისი ზომები.
ამ მოთხოვნამ ჩასახლებულ დევნილებში არაერთგვაროვნად და შემაშფოთებელი რეაქცია გამოიწვია. სწორედ ამან განაპირობა ორგანიზაციის “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” მიერ საპასუხო განცხადების გაგზავნა.
განცხადებას რეაგირება მოჰყვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობის ოფისში დევნილებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მყოფმა დევნილებმა მინისტრის მოადგილეს კითხვა დაუსვეს _ მოხდებოდა თუ არა მათი გამოსახლება დაკავებული ტერიტორიებიდან, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.
მამუკა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, რომ “სამინისტრო გმობს იძულებით გადაადგილებული პირების მხრიდან ბოლო დროს გახორციელებულ ქმედებებს, კერძოდ, შენობების თვითნებურად დაკავებას. მათი გამოსახლება მოხდება, მაგრამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ. მით უმეტეს, რომ დევნილთათვის გათვალისწინებული კორპუსების მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.”
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე დააანონსა, რომ დევნილებისთვის გათვალისწინებულია ასევე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აჭარასა და სხვა რეგიონებში.