კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
აღნიშნულმა კანონპროექტმა განხილვის პროცესში არა მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები დაიმსახურა, არამედ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც” გაანაწყენა. ადვოკატები თვლიან, რომ ამით დაცვის მხარის უფლებები იზღუდება, რაც საბოლოო ჯამში ბრალდებულის უფლებების შელახვასაც გამოიწვევს.
“ადვოკატთა ასოციაციამ” ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე კვირის უკან აქციაც გამართა, რის შემდეგაც მათ “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში” მოუსმინეს და ადვოკატების პოზიცია გაითვალისწინეს, თუმცა აღნიშნულ კანონპროექტზე მხარდაჭერა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ვერ მოხერხდა.
კანონპროექტი დღეს საპარლამენტო სესიაზე გავიდა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უმრავლესობას არც ამჯერად გასჭირვებია.