შეხვედრამ მედიის გარეშე ჩაიარა და ამიტომ ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ვებგვერდიდან მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, თურმე, “ურუშაძე მოსახლეობას შეხვდა და აკეთში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა. აკეთელებმა გამგებელს ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს. მათ აინტერესებდათ, თუ რატომ ვერ მიიღო მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სასოფლო-სამეურნეო ბარათები, ასევე, ისაუბრეს გზის, სასმელი წყლის, დანგრეული ჩაის ფაბრიკის, დასაქმების, საბავშვო ბაღის და ა. შ. პრობლემებზე.
ურუშაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ მათგანს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.
“ფაქტობრივად, ცარიელი ბიუჯეტი დამხვდა. 9 წლის განმავლობაში 9 საწარმო არ აშენებულა ქვეყანაში. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ერთდროულად ვერ მოგვარდება.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთში მომავალი წლიდან 11 მცირე საწარმოს აგება დაიწყება, რაც დასაქმების საშვალებას მოგვცემს. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ციტრუსი, დაფნა, ჩაი, ხილი, მწვანილი უკრაინულ ბაზარზე ავიდეს და მის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი შემოვიდეს”.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ბარათებს, გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობას დაპირდა, რომ ორშაბათს კიდევ ერთხელ ეწვევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კიდევ ერთხელ გაარკვევს ამ 126 ბენეფიციარის საკითხს,” _ იუწყება პრესსამსახური, თუმცა, საინტერესო იქნებოდა, ამ შეხვედრას დამოუკიდებელი მედიაც დასწრებოდა, რომელიც უფრო დეტალურად და მიუკერძოებლად გააშუქებდა მოსახლეობის პრობლემებს. სამწუხაროდ, ურუშაძემ ეს არ ისურვა.