დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზურაბ აბაშიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, ნოდარ ებანოიძე, გიორგი ცაგარეიშვილი და სერგო რატიანი, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წარადგინა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების რეფორმირების ამბიციური გეგმა. რეფორმის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მმართველობის სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების გაძლიერება. საქართველოს მთავრობის პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების უფლებამოსილებები და რესურსები. რეფორმის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეძლეს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემისა და რეგიონული განვითარების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება.
ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ესტონური გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან და ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს, _ იუწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო.