არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში გვატემალის ნაკრები 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში ლიონელ მესიმ სამი გოლი გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ მარადონას გადაასწრო _ ახლა მესის ანგარიშზე ნაკრებში თამაშის დროს 35 გატანილი გოლია, მარადონას 34 გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ მარადონა ნაკრებში 17 წლის განმავლობაში თამაშობდა, მესი კი 2005 წლიდან ასპარეზობს, თუმცა, იმის თქმა, რომ მესიმ მარადონაზე მეტი გააკეთა ნაკრებისთვის, ჯერ ადრეა _ დიეგომ, ფაქტობრივად, მარტომ მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინელებს 1986 წელს, მექსიკაში, ოთხი წლის შემდეგ კი, იტალიაში, ნაკრები ფინალამდე მიიყვანა.
მესის ასეთი მიღწევებით თავის მოწონება არ შეუძლია. უფრო მეტიც _ ის ნაკრებში არც თუ ისე წარმატებულად გამოდის, რისთვისაც ხშირად ატყდება თავს კრიტიკის ქარცეცხლი.