ისინი საპროტესტო, გამაფრთხილებელი აქციით გამოვიდნენ ქუჩაში და ადგილობრივი ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაუცემლობაში დაადანაშაულეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ბარათების გაცემა შერჩევით მოხდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობის 80% სასოფლო-სამეურნეო ბარათების გარეშე დარჩა.
სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებული პრობლემა სცდება ერთ რომელიმე კონკრეტული ქალაქის, სოფლის თუ რაიონის პრობლემას _ საქართველოს ყველა კუთხეში საკმაოდ მწვავედ დგას ეს საკითხი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას პოლიტიკურ სარჩულს უდებს. გარდა ამისა, არა ერთხელ მოგვისმენია გლეხების ნათქვამი _ ტრაქტორისტები 40 ლარს ითხოვენ, სამუშაოები ნორმალურად რომ შეასრულონო.
რა ქნას გლეხმა, რომლის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მიწაზე და მოსავალზეა დამოკიდებული? მოსახლეობას ბევრი კითხვა უჩნდება ამ ბარათების თაობაზე, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა, ერთი სტრუქტურა მეორისკენ იშვერს ხელს, მეორე _ მესამისკენ და რჩება გამწარებული გლეხი პასუხგაუცემელ კითხვებთან.
ასე იყო დღევანდელ აქციაზეც _ სენაკის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის გია ხარგელიას განცხადებით, ყველა ის ბარათი, რომელიც გამგეობამ სამინისტროსგან მიიღო, დარიგებულია, დანარჩენზე კი პასუხი არ აქვთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ადამიანი ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ ვერ მიიღო დაპირებული ბარათი, ჩვენ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს დავუკავშირდით.
_ დღეს სენაკის რაიონის სოფელ კოტიანეთის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა საპროტესტო აქციით. ისინი ამბობენ, რომ სოფლის მოსახლეობის 80%-ს სასოფლო ბარათები არ მიუღია. ეს პრობლემა საქართველოში ბევრ გლეხს აქვს. რა გახდა ამის მიზეზი და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა?
_ ამ პრობლემას ბევრი მიზეზი ჰქონდა და აქვს: მძიმე მემკვიდრეობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უდიდესი ნაწილის აღურიცხაობა, არაორგანიზებულობა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, საბოტაჟიც კი. მოსახლეობა უნდა ელოდოს ვითარების გამოსწორებას. სოფლისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები გრძელდება _ საგაზაფხულო პროგრამას საშემოდგომო ჩაანაცვლებს. თუ ეს ინფორმაცია მართალია, ანუ რაიონის მოსახლეობის 80%-მა ვერ ისარგებლა პროგრამით და ვერ მიიღო ბარათები, ვფიქრობ, ამ საკითხით სხვა უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.
_ ეს პრობლემა მარტო სენაკში არ დგას _ მაგალითად, ჩოხატაურში, 820 ოჯახი დარჩა ბარათის გარეშე, ხშირად რეკავენ სხვა რაიონებიდანაც და ამბობენ, რომ ისეთმა ადამიანებმაც ვერ მიიღეს ბარათები, რომლებიც ჯერ საწყის, შემდეგ კი დამატებით სიებშიც იყვნენ.
_ 820 ბენეფიციარი და რაიონის 80% _ დიდი სხვაობაა. პირველი, შესაძლოა, შეცდომას მიეწეროს. მეორე კი, აშკარად სხვა ორგანიზებული უპასუხისმგებლობისა თუ კრიმინალის შთაბეჭდილებას ტოვებს.
_ მოსახლეობა შერჩევითობაზე საუბრობს და ამას პოლიტიკური სარჩულით ხსნის. ძალიან ბევრმა მოქალაქემ, რომელმაც მოგვმართა, გვითხრა, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ ვერ სარგებლობენ ბარათებით და ტრაქტორის მომსახურებით, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ცუდია ისიც, რომ ამ ადამიანებს პასუხის გაცემასაც კი აყვედრიან და არ უხსნიან, რა იქნება მომავალში.
_ მე მზად ვარ მოვიწვიო საკომიტეტო მოსმენა. ეს ისედაც მაქვს დაგეგმილი და თუ სურვილი გაქვთ, დაესწარით. პრობლემა მართლაც დგას და როგორც გითხარით, გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა, მაგრამ საშემოდგომო პროგრამა განსხვავებული იქნება. კომუნიკაცია თუ არაა, ეს ძალიან ცუდია. 250 ადამიანი მუშაობს რაიონებში, 250 საშტატო ერთეულია გამოყოფილი, ფული და სხვა რესურსები იხარჯება და ამ ადამიანებმა კეთილი უნდა ინებონ და ელაპარაკონ ხალხს.