მისი განცხადებით, ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება რამე მოითხოვონ, იმიტომ, რომ მათი სახელები გარეულია უამრავ ფარულ და კორუფციულ გარიგებაში. წულაიას განცხადებით, მერიაში მომუშავე ადამიანები ქალაქის განვითარებას აფერხებენ. მისივე თქმით, უსუსურია საქართველოს მთავარი პროკურატურა და ქუთაისში, კოალიციაში შემავალი პარტიები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეს აკეთებდნენ, კაბინეტებში თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული.
“ვთვლი, რომ ამორალური იყო დღეს “ნაციონალების” ეს აქცია, რამეთუ ამ მერიაში მომუშავეები არიან სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილეები _ მიღებული აქვთ მონაწილეობა გაყალბებებში და ათასნაირი კორუფციულ გარიგებებში. თუნდაც პროგრამა “კორპუსი” ავიღოთ, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გაკეთება და შემდეგ გაყიდვა. უსუსურია პროკურატურა და არჩილ კბილაშვილი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამდენ თავხედობს ისევ. ვთვლი, რომ ქუთაისის კოალიციის პარტიები არიან უსუსურები და არაფრის მაქნისები. მივმართავ, ქალაქის მერს _ ყველანაირად ვარ მის გვერდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლა გახორციელდება რეფორმა ამ ქალაქში და ნამდვილად შემცირდება სამუშაოები და არ ეყოლება 800 უსაქმური ქალაქის მერიას, რომლებიც აფერხებენ ქალაქის განვითარებას და მილიონობით ლარს ჭამენ ხელფასის და პრემიის სახით,” _ განაცხადა პარტია “,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაცია გააპროტესტეს და ქალაქის მერს მოუწოდეს, რომ სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება არ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიის სამსახურების თანამშრომლები მერს, დიმიტრი კოპალიანს სასამართლოში სარჩელით ემუქრებიან.