კვლევაზე მუშაობის პროცესში საიამ მიმართა საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, აღნიშნულ სტრუქტურებში არსებული სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს პრემირების წესს, ასევე ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე (პარლამენტის შემთხვევაში, 2013 წლის 1 იანვრამდე) ფაქტობრივად გაცემული პრემიების ოდენობის თაობაზე.
კვლევის შედეგად საიამ გამოავლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
- განსხვავებით საერთაშორისო გამოცდილებისაგან, შესწავლილ ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობაში არ არსებობს საჯარო მოხელეთა პრემირების წესი, რომლის შესაბამისადაც მოხდება პრემიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
- პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნებოდა თუ რა კონკრეტული მიღწევების, დამსახურებების გამო იღებს ესა თუ ის საჯარო მოხელე პრემიას;
- გაცემული პრემიების მოცულობა წარმოადგენს საჯარო მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს არსებით ნაწილს და მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.
ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად, შემუშავებულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:
- უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ განისაზღვროს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს საჯარო მოხელეთათვის პრემიის გაცემის წესს. ამგვარი სამართლებრივი აქტი უნდა მოიცავდეს ზოგად კრიტერიუმებს, არეგულირებდეს გასაცემი პრემიის პერიოდულობასა, მის ზედა და ქვედა ზღვარს, თანამშრომელთა შეფასების წესს და სხვა.
- აღნიშნული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად კონკრეტულმა უწყებებმა ყოველწლიურად უნდა განსაზღვროს როგორც ზოგადი, ასევე თითოეული საჯარო მოხელისათვის ინდივიდუალური მიზნები, ასევე სხვა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც უნდა მოხდეს საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასება და მისი წახალისება პრემიის გაცემის ფორმით;
- თითოეულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც უწყება გასცემს პრემიას უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
კვლევა განხორციელდა საიას მიერ პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ”.