თურქეთის სახელმწიფოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ეს მხარე, როგორც ჩვენი ჯგუფის მეგზური უწოდებს, ცოცხალი მუზეუმია, სადაც ქართველების ისტორიული სამშობლოს დიდების ამსახველ არტეფაქტებს ვეცნობით.
სანამ საზღვარს გადავკვეთავთ, ჯერ ქართულ, ხოლო შემდეგ თურქულ საბაჟოსთან რიგში დგომა გვიწევს. კარგად ჩანს, რომ ქართული საბაჟო უფრო მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია, ვიდრე თურქული. გადავდივართ თურქეთის მხარეს და პირველი რაც თვალში გვხვდება, მუსტაფა ქემალ ათათურქის სურათია, რომელიც იქვე ოფისში კედელზე აქვთ გაკრული. მაინც ვკითხულობ, ვინ არის. მებაჟე სიამაყით ახსენებს მის სახელს. “He is Turkish hero” , _ გვერდით მდგომს ვეუბნები. Hero-ს ხსენებაზე თვალები უბრწყინდება და მიდასტურებს, რომ ათათურქი (თურქთა მამა) მათი ნამდვილი გმირია.
ათათურქის ხსენებაზე ქართველს ძალაუნებურად 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება ახსენდება. თუ როგორ შეიერთა საბოლოოდ თურქეთმა ტაო-კლარჯეთი და როგორ მოსწყდა ისტორიული მხარე ჩვენს სამშობლოს. “ეროვნულ სირცხვილზე” ხელმოწერით ქართულმა დიპლომატიამ არნახული მარცხი განიცადა და არტაანის, ართვინისა, ფოცხოვის და ოლთისის ოლქები საბოლოოდ ჩამოშორდა საქართველოს. თუმცა ყარსის ხელშეკრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში ხელმოწერილი “რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით” გადაწყდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების ბედი.
საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე კილომეტრში, ვალეს საბაჟო პუნქტის გავლით, ფოცხოვის ადმინისტრაციულ ცენტრში უკვე გვხვდება პირველი ნაგებობა _ ჯაყის ციხე.
შემდეგ მივუყვებით ერუშეთის მთიანეთს. “ერუშეთის მთიანეთი გვიან გაზაფხულამდე თოვლით არის დაფარული. იგი ტაო-კლარჯეთს სამცხე-ჯავახეთისგან გამოჰყოფს. აქ მესაქონლეობა არის განვითარებული. ტერიტორია საძოვრად უძველესი ხანიდანაც გამოიყენებოდა. აქ ქართველ მეფეთა საქონლის ჯოგებიც ძოვდნენ. ისტორიული როლი დღესაც შენარჩუნებული აქვს ერუშეთის მთიანეთს”, _ გვიხსნის თათია კიბაბიძე, ტაო-კლარჯეთის გიდი და რამდენიმე ფილმის ავტორი, რომელიც ამ მხარეში გადაიღო.
ვაგრძელებთ გზას და გვხვდება მერეს ციხე. ეს ის მერეს ციხეა, რომელიც გიორგი მერჩულეს წიგნიდან “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” გვახსოვს და რომლის წინამძღვარი დედა ფებრონია იყო. შორიდან მხოლოდ ციხის ნანგრევებს ვხედავთ. როგორც ჩვენი მეგზური ამბობს, იქვეა მეათე საუკუნის ბაზილიკური ეკლესიის ნაშთი, საკმაოდ მცირე საყდარი.
ერუშეთის მთიანეთს რომ დაბლა დავუყვებით, გვხდება ანტიკური ქალაქის, ჰურის ნაგრევები.
შავშეთის უღელტეხილის გავლით გზას ხანძთისკენ ვაგრძელებთ.
ხანძთის, ანუ იგივე პორტას მონასტერი მდებარეობს სოფელ პორტაში საკმაოდ მიუვალ ადგილას. მისი ისტორია ყველაზე კარგად მოთხრობილია “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”-ში. როგორც გიორგი მერჩულე წერს, ხანძთის უდაბნო კლარჯეთის უდაბნოებს შორის იყო “ყველაზე უფიცხეს”, მძიმე და მკაცრი. გრიგოლ ხანძთელს ამ ადგილას მხოლოდ ერთი ბერი, ხუედიოსი დახვდა. შემდეგ შემოიკრიბა საძმო, ააგო ძელის ეკლესია. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობში დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა ფეოდალმა გიორგი დაფანჩულმა და ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა. ტაძრის მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ მეოთხემ მეათე საუკუნეში.
“ადრე მონასტერში ასვლა სამანქანო გზით შეგვეძლო, მაგრამ ახლა კაშხლების მშენებლობის გამო გზის ნაწილი დაიტბორა და ტურისტები ცენტრალური გზიდან ბილიკით ფეხით აგვყავს”, _ გვიხსნის გიდი.
ასასვლელად მართლაც რთულია, მაგრამ იქ მისულები გულს ხანძთის წყაროსთან ვიგრილებთ და მონასტრის დათვალიერებას ვიწყებთ.
“ტაძარი ტაო-კლარჯეთში არსებულ ძეგლებს შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. 2007 წლის დიდთოვლობის გამო, გუმბათი ჩამოინგრა. ამის გამო ჩამოირეცხა და ფრესკები აღარ შემორჩა. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სვეტი კენჭებით და ქვებით ქართველი მლოცველების მიერ არის გამაგრებული. ეს საყრდენი რომ მოაცალონ, ჩრდილოეთ კედელი მთლიანად ჩამოინგრევა”, _ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მწუხარება ისადგურებს ჩვენს გულებში.
მწუხარება გვიორმაგდება, როდესაც ვიგებთ, რომ ტაძრის გარშემო არსებული იაილების, თურქი მწყემსების სახლების ქვედა სართულები ხანძთის სამონასტრო კომპლექსიდან აღებული ქვებით არის აშენებული. ხოლო თავლა ზედ სატრაპეზოზე ფიცრებით დაუშენებიათ.
თვალში საცემია სატელიტური ანტენები, რომლებიც ყველა იაილს “ამშვენებს” და თანამედროვეობის და სიძველის საოცარ კონტრასტს ქმნის. ტაძრის გარშემო სავსეა თუთის ხეებით, აქვე ნახავთ ვაზს და ბოსტანსაც, წყლის მილებიც მოგხვდებათ თვალში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო საოცარს ხდის უზარმაზარი კლდეების წიაღში სულიერი არსების ცხოვრებას თანამედროვე ეპოქაშიც კი.
ხანძთიდან ნახევარი საათის სავალზე დოლისყანის ეკლესიაა. იგი სოფელ ჰამამლში მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს. ტაძრის ტოპონიმიკა ამ მხარეში გავრცელებულ პურის სახეობასთან არის დაკავშირებული. არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადაღებული ძველი ფოტო, სადაც კარგად ჩანს დოლის პურის ყანები. ტაო-კლარჯეთში ასეთი მცირე ტაძრებიდან მხოლოდ დოლისყანა არის შემორჩენილი. ტაძრის გადარჩენა იმან განაპირობა, რომ იგი მეჩეთად იყო გადაქცეული. დოლისყანის ქტიტორად იხსენიება სუმბატ მეფე. “ქრისტე ადიდე მეფე სუმბატ მზეგრძელობით,” _ ეკლესიის სამხრეთის მკლავის სარკმელთან არსებული ეს მთავარი წარწერა სწორედ მისი აღმშენებლის შესახებ გვამცნობს. დოლისყანის ეკლესიასთან არის დაკავშირებული აშოტ კურაპალატის მოულოდნელი მკვლელობის ისტორიაც, რომელიც 826 წლის იანვარში მოხდა.
ჩვენი ჯგუფის მარშრუტი პირველ დღეს მხოლოდ ამ ორი ტაძრის მონახულებას ითვალისწინებს. როგორც ქართული ტურისტული ჯგუფების უმრავლესობა ჩვენც დაბა იუსუფელში, ისტორიულ ვეჟანგეთში, მივემართებით.
იუსუფელში ყველაზე ხშირად გაიგონებთ ქართულ საუბარს. აქ ძალიან უხარიათ ჩვენი გამოჩენა. როგორც დიდი ხნის ნაცნობს, ისე მოგიკითხავენ, მოგესალმებიან. გარდა ქართველებისა, ადგილობრივი თურქებიც ძალიან კეთილგანწყობილები ჩანან. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას გაჩერებენ, გისვამენ კითხვებს, მერე რა რომ თურქულად. ამას ისეთი სახით აკეთებენ, რომ ყველაფერს იგებ. ხვდები, რომ უხარიათ უცხოს გამოჩენა და მზად არიან მათი გულღიად დახვედრისათვის. საღამოს საათებში თვალში საცემია კაფეებსა და სკვერებში მამაკაცების სიჭარბე. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მაინც ყველას ღიმილი აქვს სახეზე და უხარიათ ცხოვრება. მაღაზიის გამყიდველები ყველანაირად ცდილობენ კლიენტის კმაყოფილად გაშვებას, ყურადღებას იჩენენ და ინგლისურადაც ცდილობენ საუბარს.
იუსუფელს შემდეგ, გზად სოფელ სარგოლისკენ კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის, კისპორეთის ციხის შეთვალიერებას ვასწრებთ, რომელსაც მეფის გვირგვინის ფორმა აქვს.
მეორე დღეს ვაგრძელებთ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობას და სოფელ დორთ ქილისაში ოთხთა ეკლესიას ვნახულობთ. X საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. ოთხთა ეკლესია იყო იმ პერიოდის უდიდესი სამონასტრო კომპლექსი ოშკთან, ხახულთან და იშხანთან ერთად.
ტაძარში ბიზანტიური საღებავით მოხატული ფრესკების სიხასხასე ახლაც კარგად ჩანს. როგორც ჩვენი მეგზური თათია გვიხსნის, ადგილობრივებს ტაძრის კედლებზე გაკეთებული წარწერების ქვეშ მეფეთა საფლავები ჰგონიათ და განძს ეძებენ. თუმცა ავიწყდებათ, რომ ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონია ყველაზე სადაა და მიცვალებულისთვის საფლავში მდიდრული ნივთების ჩაყოლებას კრძალავს. ამის გამო ანგრევენ და ვანდალურად ცდილობენ “განძის” მოძიებას. ამიტომ ქართველები ასეთ წარწერებს ქვებს აფარებენ, “განძის მაძიებლებისთვის” შესამჩნევი რომ არ გახდეს და ასე ცდილობენ მათ დაცვას. ერთ-ერთ წარწერის სანახავად ჩვენმა გიდმა მასზე მიფარებული ქვები გადმოსწია, ხოლო წამოსვლისას ისევ ქვებით დავფარეთ.
მოსახლეობა ტაძრისგან მოშორებით ცხოვრობს, ლეგენდის მიხედვით, ამას თავისი მიზეზი აქვს. ვინც ამ ტაძრის სიახლოვეს დასახლდა, ყველა გაწყდა, ამიტომ მისი განსაკუთრებული რიდი აქვთ.
ოთხთას ეკლესიიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე ხახულის მონასტერია. გზად უზარმაზარი თვალუწვდენელი მთები გვხვდება. ფენა-ფენა დანაოჭებული მთების შემხედვარე ხვდები, რომ აქ მართლდება სიტყვები – “ბებერი ტაო”. საერთოდ, ეს მხარე კლდოვანია. კლდეებს შორის გზები, ძირითადად, მდინარის ნაპირებს მიუყვება.
ხახულამდე თორთუმის ტბა იშლება ჩვენ თვალწინ. საინტერესოა ამ ტბის წარმოშობის ისტორიაც. ამ ადგილას მთა ჩამოიშალა და მდინარე თორთუმი შეაგუბა, რამაც საოცარი პეიზაჟი შექმნა. ტბა სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ფერისაა.
გზად გვხვდება სოფელი ბაღბაში, ანუ ბაღნარი. ეს სოფელი კლდეების და მთების ფონზე როგორც ნამდვილი წალკოტი, ისე წარმოგვიდგება. ბაღბაშში მდებარეობს სწორედ ხახულის სახელგანთქმული ტაძარი. ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი “ხახოს ხეობად”, ზოგჯერ კი “იშხანის” სახელით იხსენიება. ამან გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მეცნიერებში. ამის გამო ხახულის მონასტერი ზოგიერთს იშხანი ეგონა.
მეათე საუკუნეში დავით III კურაპალატის მიერ აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დღეს მოქმედი მეჩეთია. ტაძრის ზედა ნაწილში არ გადაუღებავთ ჯვართამაღლების სცენა და მის სანახავად, ფეხსაცმლის გახდის ტრადიციის მიუხედავად, მაინც შედიან ქართველი მომლოცველები.
ტაძარი მრავალ ნაწილად არის გაყოფილი. ერთს – ყურანის სასწავლებლად იყენებენ. იმდენად მასშტაბურია ხახულის ტაძარი რომ მთლიანად არ სჭირდებათ. დასავლეთი და ჩრდილოეთ ნაწილი გაუქმებულია. ტაძარში გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის გამოსახულება. არწივი სარწმუნოების სიმბოლოა, ხოლო მის ბრჭყალებში მოქცეული კურდღელი – მორჩილი, მორწმუნე ქრისტიანის. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები – XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის (ხახულის ღვთისმშობელი) სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.
ტაძარში შესულებს ხოჯა შესაწირს გვთხოვს. აკონკრეტებს, რომ დოლარის, ან თურქული ლირას ჩაყრა შეგვიძლია შესაწირ ყუთში. მოსალოცად მოსული ქართველებიდან ზოგი პროტესტის ნიშნად ფეხს არ იხდის და ტაძარში არ შედის. მხოლოდ გარედან დათვალიერებით შემოიფარგლებიან.
თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში, მდებარეობს ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, რომელიც ქართული სამონასტრო ცენტრი იყო ისტორიულ ტაოში. სიტყვა “ოშკი” არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ “შქას, შუას”, შუა ადგილს უკავშირდება. ოშკის აღმშენებლები იყვნენ ადარნასე III კურაპალატის შვილები, ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი, ხოლო მშენებლობის ხელმძღვანელი – გრიგოლ ოშკელი.
“ოშკი ქართული არქიტექტურის ყველაზე მდიდარი ნიმუშია, აქ შეხვდებით გასაოცარ მოხატულობას, ფრესკებს, ცხოველთა გამოსახულებებს. აქვე იყო განთავსებული სემინარია, საოსტინგე, მცირე ეკლესიები. ოშკსაც ახლაც ამჩნევია ვანდალური ფაქტები _ ტაძარზე გამოსახული ანგელოზების თავებს სროლისას სამიზნედ იყენებდნენ, ამიტომაცაა, რომ გვხვდება თავმოგლეჯილი ანგელოზები. აღმოსავლეთ ფასადი გამურულია იმის გამო, რომ აქ კოცონს ანთებდნენ, რამდენიმე წლის წინ, საკურთხეველზე პირდაპირ მიშვებული იყო წყალი და კანალიზაცია “, _ გვიყვება გიდი.
საოცარია, რომ ოშკის გუმბათზე არსებული ორნამენტები ყველა განსხვავებულია. ერთი და იგივე ორნამენტი თითქმის არ მეორდება.
გაგონილი გვქონდა, ტაო-კლარჯეთის ტაძრებში მხოლოდ ქართველების შესვლისას რომ მოდიან მტრედები; და მართლაც ასე მოხდა. ამ გრანდიოზულ ტაძარში სხვა ჯგუფის წევრებთან ერთად წრე შევკარით და ქართული გალობის ხმაზე მოფრინდნენ მტრედები. ამ სასწაულის მომსწრე ყველა ქართველი მომლოცველი ხდება.
მესამე დღის განრიგის მიხედვით, პარხლის მონასტერი უნდა გვენახა და დილით სწორედ მისკენ გავწიეთ. პარხალი, რომელიც მეათე საუკუნეში დავით მესამე კურაპალატმა ააგო, პროპორციებით ოთხთა ეკლესიის ანალოგია და მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ოსმალთა მიერ (XVI ს.) დაპყრობის შემდეგ, ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს, რომელიც დღესაც მოქმედებს. სამწუხაროდ, კარი დაკეტილი დაგვხვდა. გარედან შევათვალიერეთ, მოვისმინეთ ისტორია და წამოვედით. მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ამ ძეგლს უკავშირდება, არის “პარხლის ოთხთავი” , რომელიც შატბერდში გადაწერა ბერმა იონამ და 973 წელს შესწირა პარხლის მონასტერს.
პარხალის ხეობა თავისი ბუნებით გამორჩეულად ლამაზია. სხვა ადგილებისგან განსხვავებით მის ირგვლივ კლდეები დაფარულია ხეებით და ზაფხულის სიმწვანე უფრო ლამაზს ხდის მას.
პარხლის შემდეგ ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფში _ ბანაში მივემგზავრებით. XI საუკუნის ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძე ცნობით, ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს _ ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ.
ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III არგირუსის დაზე — ელენეზე. ეს ჯვრისწერა ასახულია ოშკის სამხრეთ მკლავის ფრესკაზე, სადაც ბანას გამოსახულება დღემდე შემორჩენილია. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე სითიხათუნი.
ოსმალეთის იმპერიის დროს, ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაუქცევიათ და 1877-1878 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა.
ძეგლების მონახულებას ბანას მონასტრით ვასრულებთ. ამ მხარეში კიდევ ბევრია სანახავი, განსაკუთრებით კი გული იშხანზე გვწყდება, სადაც ახლა სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ტურისტულ ჯგუფებს იქ არ უშვებენ.
ცოტათი დაღლილები, მაგრამ ძველი ქართული დიდებით აღფრთოვანებული ვბრუნდებით უკან. გზად ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა გვაქვს ჩართული და მეხსიერებაში აკვიატებულად ფრაზები გვრჩება: “ამ ნაიარევს, ამ ნაიარევს, რა მოიშუშებს ამ ნაიარევს…” _ რომელსაც დრო და დრო ჩვენც წამოვიძახებთ ხოლმე.
ცისანა შერგილაშვილი, სპეციალურად “გურია ნიუსისთვის” თურქეთიდან
ხანძთა
ხახული
ოშკი
ბანა
პარხალი
ოთხთა
დოლისყანა
კისპორეთი