აქციის მონაწილეები მოითხოვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოხსნას საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი. გამგეობასთან მობილიზებულია სამართალდამცველების საკმაოდ დიდი ჯგუფი.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელები მოუწოდებენ საკრებულოს ნაციონალ წევრებს, არ დაემონონ მუქარას და მიიღონ საკუთარი თავის და ქვეყნის გადარჩენისთვის სწორი გადაწყვეტილება.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარეობის კოალიციის კანდიდატი მედა გოგავა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ისევ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა საკრებულოს წევრებზე.
იმედა გოგავა: “უკვე ათი დღეა, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამტრედიაში იმყოფებიან და განუწყვეტლივ ახორციელებენ საკრებულოს წევრებზე ზეწოლას. ამ ადამიანებს სახლში წასვლის საშუალებაც არ ჰქონდათ. მე მივმართავ მათ _ შეწყვიტო უკანონო საქციელი და მისცენ ამ ადამიანებს თავისუფალი არჩევნის საშუალება, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ერთ დღეში შეძლებენ ეს დატერორებული, დაზომბირებული ადამიანები აზროვნების შეცვლას, ნამდვილად არ მაქვს.”
საპირისპიროს ამტკიცებს და “ქართული ოცნების“ წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე.
გიორგი თევდორაძე: “ყველასთვის ცნობილია, თუ ვინ ახდენდა ზეწოლას საკრებულოს წევრებზე და ვინ ახდენს ამ წუთებშიც, რომ საკითხი “ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყდეს. აქ მობილიზებულია სამართალდამცავები და მე იმედი მაქვს, პოლიცია დადგება სიმართლის მხარეს, დაიცავს წესრიგს და საკრებულოს მიეცემა სხდომის ნორმალურ პირობებში ჩატარების საშუალება.”
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ცდილობენ ხალხის ხმა მიაწვდინონ საკრებულოს წევრებს.
რეზო კალანდაძე, აქციის მინაწილე: “დღეს სამტრედის საკრებულომ არჩევანი უნდა გააკეთოს _ ან დარჩებიან სააკაშვილის რეჟიმისგან გაუპატიურებულ და წაბილწულ გარემოში, ან შეუერთდებიან ღირსეული საქართველოს მომავალს. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საკრებულოს წევრებს და ვუთხრათ _ მათი გადასაწყვეტია, წლების შემდეგ რას ეტყვიან შვილებს, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს. იმედია, გუშინდელმა მუქარამ ვერ შეაშინა ისინი და ბოლომდე არ დარჩებიან “ცოცხების და დუბინკების“ რეჟიმის მონები. ჩვენი აქცია მშვიდობიანია და არანაირ დესტაბილიზაციას არ ვგეგმავთ. აქ დაველოდებით სხდომის შედეგს.”
ჩვენ ვეცადეთ თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატს, ემზარ შუბლაძეს გავსაუბრებოდით, მაგრამ მისი მოძებნა ვერ შევძელით.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოს წევრები, ამას სხდომის დასრულების შემდეგ ვაცნობებთ მკითხველს.