აქედან 38 ოჯახი სოფელ ზემოხეთშია რეგისტრირებული. სოფელში, სადაც ახლა 50-მდე კომლი ცხოვრობს, დახმარებას თითქმის ყველა ოჯახი საჭიროებს, თუმცა, დღემდე უცნობი კრიტერიუმების გამო, შესაბამისი ქულები ბევრს არ ენიჭება.
ამ ოჯახებს შორისაა ზემოხეთელი, 75 წლის მერი თავაძე, რომელიც ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს.
_ თქვენ არ იცით, როგორ გამახარეთ. ჩემსავით მეიქცა მაგენი, ვინცხამ აქანე აგენტი მეიყვანა. გაჭირვებული, მოკუნცხული ქალი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მითხრეს, რომ სიმსივნე მაქვს და ამათმა დახმარება შემიწყვიტეს, _ გვიყვება მერი ბებო.
როგორც გავარკვიეთ, მერი თავაძეს დახმარება აპრილში შეუწყდა. ოფიციალური მიზეზი მაღალი _ 90 000 ქულაა: _ დეკლარაციას ოჯახის წევრი თავად აწერს ხელს და კარგად იცის, შიგ რა წერია. მაგ კონკრეტულ შემთხვევაში დახმარების შეწყვეტის მიზეზი მაღალი ქულები გახდა. ქულებს კი თბილისში ანიჭებენ და მე სხვას ვერაფერს გეტყვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ფილიალის ხელმძღვანელმა, ზურაბ კალანდაძემ.
მერი თავაძის სახლს არც ნორმალური კარი აქვს და არც ფანჯარა. მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წამლებშიც არ ჰყოფნის: _ სახლი გაქვს შენ და არ გეკუთვნის დახმარებაო. ეს არის სახლი?! ორი მიცვალებული ერთ კვირაში გავასვენე და ვალები დამედო. ერთი ტელევიზორი მაქვს, მეზობლებში ვერ დავდივარ, გაჭირვებული ვარ. ტუბერკულიოზი მქონდა, სითხე გადმომდიოდა პირიდან და ძლივს გადამარჩინა ექიმმა. ორი გოგო მყავს, ორივეს ახალგაზრდა ქმრები დაეღუპა _ იმათ ჩემი პატრონობა სად შეუძლიათ?! არ ვიცი, რა დაინახეს ამ სახლში, რომ მაღალი ქულები მომცეს. შეშის დამპობიც კი არ მყავს. კომისიას მოვითხოვ,-მეთქი და რაიონში ვერ ჩავედი, _ გვიყვება ქალბატონი მერი.
როგორც გავარკვიეთ, მერი თავაძეს დახმარება არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიუღია. ამის მიზეზი ის არის, რომ მოხუცებულს განცხადების დასაწერად 25 კილომეტრის გავლა არ შეუძლია: _ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მომაკვდავ ქალს ლუკმა-პურის ფული წამართვეს და ისეთებს მისცეს, რომლებსაც არც ჯანი აკლიათ, არც ღონე და სხვა შემოსავალიც აქვთ. არ იფიქროთ, მათი მშურდეს, მაგრამ მე რა დავაშავე, ხომ შეიძლება, მეც ვიარსებო?! _ ცრემლები ვერ დამალა მერი ბებომ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლება ცოტაოდენ ყურადღებას მაინც გამოიჩენს მის მიმართ და სამართლიანობას აღადგენს.
სტატია მომზადებულია ფონდის”ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.