დღეს, “ქართულ ოცნების” კანდიდატი იმედა გოგავა დანაპირებს ასრულებს და “გურია ნიუსთან” ვრცელ კომენტარს აკეთებს. მანამდე კი კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერენ:
“რამდენიმე კვირის წინ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ ჯვარშეიშვილმა განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა, რასაც “ნაცმოძრაობის” როგორც ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების, ასევე მათი ლიდერების მხრიდან ძალიან უხეში და მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ჯვარშეიშვილს, მას პარტიულ ღალატსა და “ოცნებასთან” შეკვრაში ადანაშაულებდნენ, ზურგს უკან კი უშვერ გინებასაც არ ერიდებოდნენ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობია და ჯვარშეიშვილი მართლაც რამდენჯერმე შეინიშნა “ოცნებასთან” “ფლირტში” და როცა ყველაფერ ამას მისი გადადგომაც თან დაერთო, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა. პარტიული “მეგობრებისგან” გაკიცხულმა ჯვარშეიშვილმა ნაცებს ერთგულება იმით დაუმტკიცა, რომ სხდომაზე მოვიდა, ხმა მათ კანდიდატს მისცა და სხდომიდან ადრიანად “გაიპარა”…
ჯვარშეიშვილის გადადგომას ნაცებმა იმით უპასუხეს, რომ სამტრედიაში “ჩამოფრენილ” მათ ლიდერებს (ვაშაძე, ბობოხიძე, გია თედორაძე, მაჭავარიანი) სრული მორჩილება და უსიტყვო კაპიტულაცია ხატზე შეფიცეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!). ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, თავმჯდომარის არჩევნების წინა ღამეს, პარტიულ ოფისში გამოკეტეს და დედის გინებით, ერთგულებაზე ფიცვერცხლი აჭამეს ერთმანეთს… ასე დაზომბირებულ-დაშანტაჟებულ-დატერორებული საკრებულოს წევრები, მეორე დილით, სხდომათა დარბაზში პირდაპირ ოფისიდან გადმოვიდნენ და მთელი სხდომის მსვლელობის განმავლობაში, გაყინული თვალებითა და დაშრეტილი მზერით იცქირებოდნენ… როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღეს… აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ერთი (იმედა გოგავა) კოალიცია “ქართული ოცნებიდან” იყო, ხოლო ემზარ შუბლაძე _ ნაცმოძრაობიდან. ეს ის შუბლაძეა, რომელმაც თვენახევრის წინ, სამტრედიაში ერთი კვირით ადრე ჩამოსულმა გიორგი კახიანმა ბდღვირი ადინა და 82%-ით მოუგო შუალედური არჩევნები; სხვათა შორის, ეს ის ემზარ შუბლაძეა, რომელიც კახი კალაძეს ყველა სიბინძურეს აბრალებდა, რუსეთის აგენტობიდან დაწყებული პუტინის ძმაკაცობით და კორუფციით დამთავრებული… ეს ის “უფლებადამცველი” ემზარ შუბლაძეა, რომელსაც ერთხელაც არ ამოუღია ხმა, როცა მის თანაქალაქელებს აწიოკებდნენ, ატერორებდნენ, ადამიანებს სახლებში უვარდებოდნენ, როცა დიასახლისებს ფორმიანი თუ უფორმო ზონდერები კბილებს უმტვრევდნენ და მორალურ თუ ფიზიკურ შეურაცხჰყოფას აყენებდნენ. საკრებულოს თავმჯდომარეობის ამბიცია აქვს ადამიანს, რომელმაც პირწმინდად წააგო ყველა საარჩევნო უბანი მისი კუთხის ჩათვლით, რომელსაც სამტრედიელებმა ნდობა არ გამოუცხადეს და ეს კიდევ ერთხელ, თვალნათლივ შეახსენეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2000 მეტი სამტრედიელი იყო მოსული და ხმამაღლა სკანდირებდა – “შუბლაძე, მოხსენი კანდიდატურა””, წადი, წადი”… _ ამბობენ კოალიცია “ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში.
იმედა გოგავა: _ მთელი სამტრედია ერთ მუშტად იყო შეკრული ერთი მიზნით _ საკრებულოს წევრებს ჰქონდათ ბოლო შანსი, შეენარჩუნებინათ სახე და დამდგარიყვნენ ხალხისა და საკუთარი რაიონის მხარეს; საკრებულოს წევრებს შეეძლოთ ეს დიდი სირცხვილი აეცილებინათ საკუთარი თავისთვის და ტალახი არ ესროლათ სამტრედიელებისთვის. საკრებულოს წევრებს ოდნავ მაინც რომ შეტოკებოდათ გული და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი არ ჰქონოდათ, პოლიტიკურ საფლავში არ ჩაჰყვებოდნენ “ცოცხების იდეოლოგებს ” და თავადაც არ გაიგივდებოდნენ ამ მარაზმთან… საკრებულოს სხდომაზე გაიმარჯვა ცინიზმმა და ვიწროპარტიულმა ინტერესმა _ ნაციონალებმა ხმა მისცეს საკუთარი რაიონის განვითარების დამუხრუჭებას და რაც მთავარია, უცერემონიოდ გაილაშქრეს ხალხის ნების წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ, ვიცი მათი შესაძლებლობები და მათი თვალსაწიერი. მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც გულში ბჟუტავდა იმედი იმისა, რომ ეს ადამიანები საბოლოოდ მიაფურთხებენ ეშმაკს, დადგებოდნენ ხალხის მხარეს და ყველანი ერთად შევძლებდით ჩვენი ქალაქის ირგვლივ გაერთიანებას. ამ ეტაპზე ეს არ მოხერხდა, მათ ვერ აჯობეს პარტიულ ზეწოლას და შანტაჟს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლნენ ჭაობში. გუშინ მათ თავიანთ თავს უკვე გაუკეთეს პოლიტიკური ჰარაკირი და მე იმაზე ვდარდობ, რომ ეს ჰარაკირი ჩემ ქალაქს ძალიან ძვირად უჯდება…
მიუხედავად იმდღევანდელი იმედგაცრუებისა, ამ დღეს მაინც ჰქონდა დადებითი და ეს იყო სამტრედიელების ერთსულოვნება, აქტიურობა, ბრძოლა საკუთარი უფლებებისა და საკუთარი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის… სამტრედიელებმა ყველას – მტერსაც და მოყვარესაც ერთმნიშვნელოვნად დაუმტკიცეს, რომ ერთიანობის განცდა აქვთ და საკუთარი მომავლისათვის ბრძოლაშიც უკომპრომისოები არიან… ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ საკუთარი ქალაქისთვის, საკუთარი სოფლისთვის, საკუთარი ოჯახებისთვის… მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ ქალაქის ამეტყველება, რადგან ეს ჩვენი, ჩემი და თქვენი ქალაქია!” _ ამბობს გოგავა.