პავლე კუბლაშვილის თქმით, როცა მსგავსი სახის დანაშაულობები ქვეყანაში ხდებოდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იყო საკმარისად აქტიური. მისივე თქმით, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
კუბლაშვილი საქმეში მის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდა, თავად პარლამენტის წევრი იყო: “ამ კვირის მთავარი თემაა ის ფაქტები, რომელზეც ინფორმაცია ყოველ დღე გვესმის. რა თქმა უნდა, როცა ასეთი ტიპის დანაშაულობები ხდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იყო საკმარისად ეფექტური, რომ ამოეძირკვა ეს დანაშაულობები. ამ დარბაზში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნას. თუ ვინმე არის მონდომებული და აინტერესებს ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, მე ვარ. აქ ჩემი პასუხისმგებლობაც არის _ როცა ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში ასეთი რამ ხდებოდა, მაშინ მე ვიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ასეთი ფაქტები მომავალში უნდა გამოირიცხოს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ იმ იდეას, რასაც ჰქვია საპარლამენტო კომისია, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ საქმის ძიებასა და ფაქტების მოკვლევაში. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, ჩრდილი მიაყენეს არა რომელიმე ხელისუფლებას ან გუნდს, არამედ ჩრდილი მიაყენეს ქვეყანას და მის ავტორიტეტს, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში ვაშენებდით,” _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო სესიაზე.
უმცირესობის განცხადებებს უმრავლესობიდან შეფასებები დარბაზშივე მოყვა _ კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, უმცირესობის წევრები ისე ლაპარაკობენ, თითქოს ბოდიშის მოხდასაც კი მოითხოვენ უმრავლესობისგან. მისი თქმით, “ასეთ დამნაშავეებთან არ შეიძლება რაიმე სახის კოჰაბიტაციაში შესვლა, რადგან მათი საქციელი ურცხვი და უტიფარი გახდა.”