(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ლანჩხუთის ოპოზიციის ერთი ნაწილის ერთობლივი პრესკონფერენცია გავაშუქეთ. რომან ბიწაძის, დავით წულაძის, ელგუჯა ჩხაიძისა და მარიკა თურნავას ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრესკონფერენციაზე შემოვიდა “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე. მან პროტესტი გამოხატა და გაზეთებს “ხელისუფლების დანაშაულებების წაყრუებაში” დასდო ბრალი; ამასთან, თურმე, მის პოზიციებს პრესა არ ბეჭდავს ან “შელამაზებულს” აქვეყნებს. ჟურნალისტებმა, ცხადია, მისი პრეტენზია არ მიიღეს. იქვე მყოფ სხვა პოლიტიკოსებს მსგავსი პრეტენზიები ჟურნალისტების მიმართ არ აღმოაჩნდათ, რის შემდეგაც უკვე კოლეგებზე განაწყენებულმა ლელა ჩახვაძემ ბრალი პარტიებსაც წაუყენა _ რისი გამკეთებელი ხართო. შეგახსენებთ, რომ ჩახვაძე ჯერ ბურჯანაძის პარტიის ლანჩხუთის ოფისს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი _ ზურაბ ნოღაიდელისას. ბოლო შემთხვევაში მას კოლეგა-ოპოზიციონერი ეკა ალექსაია დაუპირისპირდა. ქალბატონი ლელა ბოლო დრომდე ნოღაიდელთან რჩებოდა, მაგრამ შემდეგ პოლიტიკიდან ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩახვაძეს ხელისუფლებამ ამ კუთხით პრობლემები შეუქმნა. ჩვენ ისევ მივუბრუნდებით ამ თემას და თუ სურვილი ექნება, ლელა ჩახვაძეს პრობლემების შესახებ საუბრის საშუალებას აუცილებლად მივცემთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved