(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურია ნიუსის” წინა ნომერში “ქართული პარტიის” საინიციატივო ჯგუფის წევრის, კულტურის ცენტრის აწ უკვე ყოფილი რეჟისორის გია ქურიძის განცხადება შემოგთავაზეთ. ამასთან, გამოვაქვეყნეთ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობის ოფიციალური კომენტარი. პოზიცია კვლავ დააფიქსირა ცენტრის დირექტორმა სოფო ჭელიძემ: “პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლები და მეგობრები არასოდეს შემირჩევია. გია წლების განმავლობაში იყო კულტურის ცენტრის რეჟისორი და ერთად არა ერთი წარმატებული ღონისძიება გვიკეთებია. ჩვენ არა მარტო სამსახურებრივი, არამედ მეგობრული და საკმაოდ თბილი ურთიერთობები გვქონდა. ჩვენი ოჯახები წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. ეს ჩემთვის ყველაზე მეტად ფასეულია და სწორედ ამის გამო შევიკავებ თავს და მოვერიდები სხვა დეტალებზე საუბარს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კულტურის ცენტრის მთელი შემადგენლობა გვერდით ვედექით. თავადაც არაერთხელ განაცხადა, ამ ნაბიჯს მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო ვდგამ, სხვა რა უნდა მინდოდესო?! მეც ვუთხარი, სადაც თავს უკეთ იგრძნობ, იქ იყავი-მეთქი. ეს იყო და ეს. ჩვენს შორის სხვა რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ქულების დასაწერად და რეიტინგის ასამაღლებლად სჭირდებათ…”
შეგახსენებთ, გია ქურიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სამსახურიდან წამოსვლა სოფო ჭელიძის თხოვნის გამო გადაწყვიტა, რადგან “გამგებელს უთქვამს _ მე ფული ვუხადო და მაგან დროშები აფრიალოსო?”