ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში 10 მაისს, დილით, სანაგვე ურნებზე წარწერა _ “მიშა, წავა!” გამოჩნდა. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, წარწერის გამკეთებლებმა, წითელი და ლურჯი ფერის პულივიზატორები გამოიყენეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში განთავსებულ ყველა ურნაზე წარწერა _ “მიშა, წავა!” ღამის საათებში დააწერეს.
დილით 6 საათზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ურნების გაწმენდა დაიწყეს და უკვე 9 საათისთვის ყველა ურნა გასუფთავებული იყო.
თუმცა, ურნებზე წარწერების წაშლა ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა და აქა-იქ მისი კვალი ჯერ კიდევ შეიმჩნევა.
ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს:
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვარ ოზურგეთში და არც ის ვიცი, ვის ეცოდინება, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში კურდღელაშვილმა.