როგორც ქალბატონი მანანა “გურია ნიუსთან” ამბობს, განცხადებით 17 აპრილს მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა სტიქიით დაზარალებული სახლების მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი საგანგებო სიტუაციათა მართვის კომისია, რომლის თავმჯდომარეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძეა, ჯერაც არ ამოსულა.
_ ქარი და წვიმა რომ ამოვარდება, ბავშვებიანად მეზობელთან გადავრბივართ, ან საწოლზე ჩამომჯდარი ვათენებთ ხოლმე, ბავშვები გულით დამიავადმყოფდნენ, შიშით და ნერვიულობით სახლი სულ არ ჩამოგვენგრეს თავზე, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, სოციალური დახმარება არ გვაქვს, ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, გაიგოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომ ასეთ გაჭირვებულებს ყურადღება მოგვაქციონ.
არანაირი დახმარება ჩვენ არასოდეს არ გვქონია ხელისუფლებისგან იმის გამო, რომ უპატრონოები ვართ და ხელისუფლებაში ჩვენი ახლობელი არავინაა, მუდამ დაჩაგრულები ვართ. თითქმის ყოველ წელს მივმართავ სოციალურ სამსახურს და არცერთხელ არ დაგვენიშნა სოციალური დახმარება. თქვენ თვითონაც ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მთელმა სოფელმა იცის ჩემი გაჭირვების შესახებ. სად გაურბიან ცოდვა-მადლს? ასე ამბობენ, რომ ძალიან ბევრი თანხა იყო გამოყოფილი სტიქიით დაზარალებულთათვის და ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად უნდა დაეკმაყოფილებინათ, ისეთებს აქვთ დახმარება გაწეული, ჩემზე ასჯერ უკეთ რომ ცხოვრობენ და რომ არ ეკუთვნოდათ სახლის გადახურვა. ძალიან გთხოვთ, თქვენ მაინც დამეხმარეთ ჟურნალისტებმა, იქნებ გაიგონ და მოვიდნენ, ნახონ ჩემი სახლი რა მდგომარეობაშიცაა. მივმართე სოფლის რწმუნებულს, მოვიდა, დამპირდა დაგეხმარებითო და არაფერი” _ ამბობს ქალბატონ მანანა ” გურია ნიუსთან”.
_ ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, ასეთ ოჯახებს მიაქციოს ყურადღება, ნახევარი მილიონი იყო გამოყოფილიო ოზურგეთისთვისო, სად წაიღეს ამდენი თანხა, რატომ არ გადაუხურეს ასეთ გაჭირვებულ ოჯახს სახლი? ბოხვაურში ისეთი ოჯახები გადაიხურა, ვისაც არ ეკუთვნოდა და ესენი ცოდვები არ არიან? სტიქიას ძლივს გადაურჩნენ, პატარა ბავშვებიანად ღამე გარეთ გაათიეს, ამ ზამთარში რა ეშველებათ? _ აცხადებენ მეფარიშვილის მეზობლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, რომელიც სტიქიით დაზარალებული სახლების მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი საგანგებო სიტუაციათა მართვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ აღნიშნული ოჯახის შესამოწმებლად კომისია უკვე გავიდა .
_ ვნახეთ სიუჟეტი “გურია ნიუსის” ვებგვერდზე, სადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, როგორც გავარკვიეთ აღნიშნულ ოჯახს განცხადება ცოტა მოგვიანებით აქვს შემოტანილი, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, მივიდა კომისია, რომელიც შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობა აუცილებლად დაეხმარება”, _ განაცხადა ღურჯუმელიძემ.