პირველი ივლისიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც პირველი ივლისის მდგომარეობით არ გააჩნდათ ჯანმრთელობის დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი, კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციების ჩათვლით, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული პერიოდის გამოკვლევებით. წლიური ლიმიტი 15 000 ლარია. დაფინანსება 70 %-ით, ხოლო 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის გეგმიური ოპერაციების ხარჯებს სრულად დაფარავს სახელმწიფო.
გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების გამოკვლევა და თერაპია (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები) დაფინანსდება 80%-ით. წლიური ლიმიტი შეადგენს 12 ათას ლარს. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და გამოკვლევები 18 წლამდე დაფინანსდება სრულად.
ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცულობა _ოჯახის ექიმის ვიზიტებს დაემატა 7 ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციები, გაიზარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი. ზემოთ აღნიშნული სპეციალისტების კონსულტაციები და გამოკვლევები დაფინნსდება 70%-ით.